საარსებო შემწეობა

ჭიაბერაშვილი: საარსებო შემწეობა 5000-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს მოუხსნეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საარსებო შემწეობის გარეშე 5000-ზე მეტი ოჯახი დარჩა, რომელშიც 3 და მეტი ბავშვია.

"ამ ხნის განმავლობაში, სულ 27,000 ბავშვი დარჩა საარსებო შემწეობის გარეშე, აქედან 9,000 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ გამოაცხადა.

ამიტომ, დავით სერგეენკოსა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი, რომ პრობლემას სოციალურად დაუცველთა ბაზაში 3000-მდე მარტოხელა პენსიონერის დამატება გამოასწორებას, ტყუილია. პრობლემა გაცილებით მძიმეა და სოციალურად დაუცველთა ბაზაში არაკომპეტენტური ადამიანების ხელის ფათური მას კიდევ უფრო ამძიმებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ყველა რაიონში საარსებო შემწეობის გარეშე დატოვებული ოჯახების აღწერას და შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად გააცნობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დევით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა და რომლის მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვართან შედარებით, მთავრობა თვეში 4 მილიონი ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები