ტურიზმი

ვიზიტორთა რიცხვი, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩება 0.7%-ით შემცირდა

გიგანტური ველოსიპედი თბილისის ცენტრში
REUTERS

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 აგვისტოს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებული ვიზიტორების რაოდენობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, წელს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 3.06 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 4.9%-ით აღემატება. თუმცა ვიზიტორებიდან იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე 24 საათზე მეტ ხანს რჩება, 2014 წელთან შედარებით 0.7%-ით არის შემცირებული და 1.19 მილიონი შეადგინა.

ქვეყნების მიხედვით საქართველოში შემოსული ვიზიტორების სრული რაოდენობა კი ასე გამოიყურება:

1) თურქეთი 757 ათასი ვიზიტორი, -5.4%-იანი კლება

2) აზერბაიჯანი - 741 ათასი ვიზიტორი, 8.3%-იანი ზრდა

3) სომხეთი - 723 ათასი ვიზიტორი, 11.6%-იანი ზრდა

4) რუსეთი - 482 ათასი ვიზიტორი, 12%-იანი ზრდა

5) უკრაინა - 74 ათასი ვიზიტორი, 8.02%-იანი ზრდა

6) სხვა ქვეყნები - 291 ათასი ვიზიტორი, 2%-იანი ზრდა 

ტურიზმი გასული წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ზრდით გამოირჩეოდა: 2011 წელს იანვარ-ივლისის პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა 30% იყო, 2012 წელს 35%-ს მიაღწია, 2013 წელს ვიზიტორთა ნაკადი 21%-ით გაიზარდა. 2014 წელს ზრდა ხუთჯერ შემცირდა და 3.9% შეადგინა, 2015 წელს კი მაჩვენებელი მცირედით 4.9%-მდე გაიზარდა.ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 7% მოდის. ამასთანავე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რის გამოც ტურიზმი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ტურიზმში არსებული დაბალი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მხრიდან ახალი სავიზო რეგულაციების დაწესებაა, რის გამოც მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაურთულდათ. მათ შორის არის ირანი, საიდანაც გასული წლის იანვარ-ივლისში 35 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, წელს კი ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 71%-ით შემცირდა და 11 ათასს შეადგენს. 

კომენტარები