რეკლამა

6 აგვისტოს Gem Fest-ზე Dubfire ახალ პროექტს - live:HYBRID-ს წარადგენს

Dubfire
www.caprices.ch

"ამ პროექტის [Live:HYBRID] გაკეთება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. მინდოდა, რომ ის მუსიკა, რომელსაც სოლო კარიერის დაწყებიდან დღემდე ვაკეთებ, წარმომედგინა სრულიად ახალი, უნიკალური სახით. ამ იდეის გარშემო კი შევქმენით საკმაოდ საინტერესო კონცეფცია, რომელიც საკუთარ თავში მოიაზრებდა ვიზუალს, განათებას და რა თქმა უნდა მუსიკას. ჩვენი გეგმა სწორედ ეს იყო, რომ შეგვექმნა სრულიად ახალი მუსიკალური გამოცდილება, რომელიც Dubfire-ს დაუკავშირდებოდა. ჩემს გუნდთან ერთად მინდოდა საკუთარი მუსიკა სხვა, უფრო მაღალ ეტაპზე ამეყვანა და შემექნა სრულიად ახალი რამ, რაც განსხვავდება ჩემი სეტებისგან, ან თუნდაც იმისგან, რასაც Deep Dish-ის დროს ვაკეთებდი", – Ali Shirazinia-ს ისტორია Hybrid-ით არ დაწყებულა და როგორც თვითონ ამბობს, ეს არც დასასრულია, თუმცა Dubfire live:HYBRID მისი სოლო კარიერის მთავარი მონაპოვარი რომ არის, ეს ფაქტია. ამაში Gem Fest-ის სტუმარი 6 აგვისტოს დარწმუნდება.

წარმოშობით ირანელი მუსიკოსის ამერიკული კარიერა 90-იან წლებში იწყება, როდესაც იგი პირველად შეხვდა Sharam-ს, ადამიანს, ვისთან ერთადაც გადაწყვიტა მუსიკის კეთება. Deep Dish ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა საცეკვაო მუსიკაში და თავისი კვალიც დატოვა. ეს კვალი მოიცავს გრემის რამდენიმე ნომინაციას და ერთ ჯილდოს, რომელიც მათ რემიქსს სხვდა წილად (Dido-Thank You). ფინანსური და ზოგადად კომერციული წარმატება არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ არტისტებს Deep Dish-ის დაშლა არ გადაეწყვიტათ. ამის ძირითადი მიზეზი, როგორც Dubfire ამბობს, იყო ის, რომ ამ პროექტმა მიაღწია თავის კულმინაციას, იმ წერტილს, რომლის იქითაც ახალი მუსიკალური იდეები აღარ განვითარდებოდა. თუმცა Deep Dish-ის დაშლა ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა, როგორც Sharam-სთვის, ასევე Ali-სთვის.

სოლო კარიერაში Dubfire შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დაშორდა Deep Dish-ის ჟღერადობას და ძირითადად ტექნო, ჰაუს და მინიმალისტურ მუსიკაზე აიღო ორიენტირი. 2007 წელს მან დააარსა საკუთარი ლეიბლი SCI+TECH, რომელიც საკმაოდ საინტერესო არტისტების სახლი გახდა და დღემდე ბევრი არტისტისთვის საინტერესო პლატფორმაა. თუ სოლო კარიერაში გარდამტეხ მომენტებს მოვძებნით, ერთ-ერთი პირველი უდავოდ მისი რემიქსია Radio Slave-ს Grindhouse-სთვის, რომელმაც მას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა. იგივე შეიძლება ითქვას Plastikman –Spastik-ზე, რომელიც ირანელმა მუსიკოსმა თავიდან გააცოცხლა და სულ სხვა ესთეტიკით შესთავაზა მსმენელს. წარმატებული სვლა გაგრძელდა სხვადასხვა კოლაბორაციულ პროექტებში ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Underworld, Plastikman, Oliver Huntemann, Loco Dice, Miss Kittin და ასე შემდეგ.

"ჩემს დიჯეი სეტებში მე ვუკრავდი მუსიკას ყველასთვის, ეს პროექტი კი უშუალოდ ჩემთან ასოცირდება და ყველაფერ იმასთან, რაც ჩემია. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება უკვე კლასიკად ქცეული ტრეკები, რემიქსები თუ სხვა. HYBRID-ში ეს ყველაფერი სრულიად ახლებურად არის გადმოცემული. ამიტომ ამ პროექტს საინტერესო მსმენელი ჰყავს. შეიძლება ზოგი მხოლოდ ვიზუალს მიაშტერდეს, ზოგს 3D პროექციები მოეწონოს ან უბრალოდ თვალები დახუჭოს და მუსიკას უსმინოს.

მართალია, სცენიდან მხოლოდ მსმენელის სილუეტებს ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მოქმედებს მათზე ეს მუსიკა და რა რეაქცია აქვთ. ეს რეაქცია კი ძალიან შთამბეჭდავია", – ასე ახასიათებს Dubfire განსხვავებას Hybrid-სა და მის დიჯეი სეტებს შორის. განსხვავება კი მართლაც თვალშისაცემია, ეს არის სრულიად ახალი ეტაპი არა მარტო მის კარიერაში, არამედ ზოგადად ანდერგრაუნდ მუსიკაში, რომელიც არტისტის აზრით, „შესაძლებელია შეიცავდეს შოუს ელემენტებს".

მიუხედავად იმისა, რომ Hybrid ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, Dubfire და Sharam-მა მაინც მოიცალეს ძველი პროექტისთვის და მალე Deep Dish-ის ახალ ალბომსაც ვიხილავთ. როგორც Ali ამბობს, ჟღერადობის მხრივ ძალიან ქაოტური მდგომარეობაა, რადგან Deep Dish აღარ არის ის, რაც იყო. სწორედ ამიტომ, არავინ იცის როგორი იქნება ის მომავალში.

DubfireLive:HYBRID-ს ანაკლიის სტუმრები 6 აგვისტოს შეაფასებენ. ამავე დღეს შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ Greenbeam & Leon, Kancheli, Newa, Ian Pooley, Smailov, Gacha, HVL, Dali და Oimactta-ს.

კომენტარები