თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა

თავდაცვის სამინისტრო სკოლებში სამხედრო სწავლების შემოღების ინიციტივით გამოდის

facebook.com/anna.dolidze

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის მიხედვით, სკოლებში სამხედრო სწავლება უნდა შემოიღონ. ამის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ, ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ინიციატივის საფუძველი ის გახდა, რომ ძალიან ხშირად საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში გამორჩენილია ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ქართველი გმირების შესახებ. "უფრო კონკრეტულად, 2008 წელს დაღუპული პირების შესახებ, რომლებმაც გამოავლინეს გმირობა, მაგალითად, გიორგი ანწუხელიძე", - აღნიშნა ანა დოლიძემ. მინისტრის მოადგილემ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუ რას ითვალისწინებს კურსი. 

"ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში უფრო დაზუსტებულიყო მათი გმირობის ისტორია. მე მგონი უდავოა, რომ საჭიროა ჩვენს მომავალ თაობებს ვასწავლოთ ის განსაკუთრებული ზნეობრივი საქციელი, რომელიც ამ პირებმა ჩაიდინეს. მაგრამ ამის გარდა ჩვენ ვფიქრობდით, რომ ყოფილიყო როგორც არჩევითი საგანი, მაგალითად, სამხედრო და თავდაცვის ისტორია. ეს იქნებოდა საგანი, სადაც საკუთარი სურვილით სტუდენტები, მოსწავლეები აირჩევდნენ ესწავლათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის განვითარების ისტორია. რა შევა კურიკულუმში, ამაზე ფიქრი არ დაწყებულა. გვქონდა უბრალოდ ზედაპირული საუბარი ამ ინიციატივასთან და ბევრ სხვა ინიციატივასთან დაკავშირებით, მაგალითად, რომ ჩვენი გამორჩეული სამხედრო მოსამსახურეები შევიდნენ და უმაღლეს საფეხურებზე სკოლაში წაიკითხონ ლექციები", - აღნიშნა ანა დოლიძემ. 

კომენტარები