მაღალმთიანი რეგიონების კანონი ბიზნესს გადასახადების დონის არჩევანს სთავაზობს

rackcdn.com

31 ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. კანონის მიხედვით მაღალმთიანი სტატუსის მქონე ტერიტორიაზე საგადასახადო შეღავათები დაწესდება, მოქალაქეები გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ, სახელმწიფო ასევე ამ რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის დამატებით თანხებს გამოყოფს. თუკი ბიზნესსექტორი ამ ტერიტორიაზე გადაწყვეტს ბიზნესის განვითარებას ის შედარებით დაბალ საგადასახადო მოსაკრებელს გადაიხდის. 

ახალი კანონით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები მაღალ მთაში მოქმედი გარკვეული საწარმოებისათვის, ფინანსური და სოციალური დახმარება მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, სახელფასო დანამატები პედაგოგებისა და მედიცინის მუშაკებისათვის, სოციალური დახმარება პენსიონერებისათვის, შეღავათები ელექტროენერგიით სარგებლობისას და გათბობით უზრუნველყოფის საკითხში. თანხების განკარგვა კი სახელმწიფო ბიუჯეტის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდის მეშვეობით მოხდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იქმნება მთის ეროვნული საბჭო, რომელიც, კანონში აღწერილი კრიტერიუმების საფუძველზე, მოამზადებს დასახლებათა სიას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნული სიას, საბოლოოდ, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

„ახალი კანონი ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებასა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ის ხელს შეუწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში“,- თქვა შომბი შარპმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისმა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) საექსპერტო დახმარება გაუწიეს საქართველოს მთავრობას მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის შემუშავებაში.

საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორის გიგლა მიქაუტაძის შეფასებით მთის კანონი ბუტაფორიულ ხასიათს ატარებს და ის მოსახლეობას უბიძგებს, რომ ფიქტიურად მთიან ტერიტორიაზე ჩაეწერონ საცხოვრებლად. მიქაუტაძის შეფასებით საქართველოში ისედაც არ არის მაღალი გადასახადების დონე და მისი მცირედით შემცირების გამო ბიზნესსქტორი ქარხნების მთიან რეგიონებში გახსნას არ დაიწყებს. ''მთიან რეგიონებს აქვთ გაცილებით სიღრმისეული პრობლემები და მათი მოგვარება ასეთი სახის მცირე დანამატებით არ მოხდება. მისი რეალური შედეგი იქნება ის, რომ ხალხი ფორმალურად ჩაეწერება სოფელში, რათა მიიღოს მეტი პენსია. საქართველოში საგადასახდო ტვირთი ისედაც არ არის დიდი, ამიტომ შეღავათების გამო ქარხანას თუშეთში არავინ გახსნის. თავისუფალი ეკონომიკური ზონებიც კი ვერ დაიტვირთა ბოლომდე, სადაც ასევე მოქმედებს საგადასახადო შეღავათები. გარდა ამისა, გაუგებარია სხვა რეგიონები რატომ იჩაგრებიან. დემოგრაფიული პრობლემები და სიღარიბე ბარის ბევრ სოფელში არსებობს, რომლებიც ასევე მდებარეობს საზღვრისპირა ნაწილებში." 

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტის ბესო ნამჩავაძის შეფასებით უმჯობესი იქნება, თუკი საქართველოს საგადასახადო სისტემაში მეტი დეცენტრალიზაცია იქნებოდა. "უკეთესი იქნებოდა მეტი დეცენტრალიზაცია გქონდეს და თავად მთის მოსახლეობა წყვეტდეს მნიშვნელოვანწილად რა დონის გადასახადები სურთ."

 

კომენტარები