ღვინის ექსპორტი

რუსეთსა და უკრაინაში არსებული კრიზისის გამო ღვინის ექსპორტი 46%-ით შემცირდა

დავით მძინარაშვილი / REUTERS

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 16.8 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რომლის ღირებულებაც $47 მილიონს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ღვინის ექსპორტის მოცულობა 46%-ით არის შემცირებული, რაც უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებზე რუსეთსა და უკრაინაში არსებულ კრიზისს უკავშირდება. რუსეთში ღვინის გადატვირთების მოცულობა 59%-ით, უკრაინაში კი 62%-ით შემცირდა. 

კლების მიუხედავად, ზოგიერთ ბაზარზე ექსპორტის ზრდაც შეიმჩნევა, ასეთებია: ყაზახეთი +3% (2 533 596 ბოთლი), ჩინეთი +35% (984 221), პოლონეთი +2% (921 828), ლატვია +9% (663 714), ესტონეთი +19% (242 130). ჩინეთში ღვინის სმის კულტურა ჯერჯერობით ახალია და ადგილობრივ მომხმარებელს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე ქვეყნის ღვინის მიმართ ლოიალობა - ეს ქართულ ღვინოს პერსპექტივებს აძლევს, რაც ექსპორტის მაღალ ზრდაშიც გამოიხატება. თუმცა ჯერჯერობით ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, ეკონომიკური კრიზისის გამო კი რუსეთში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია.  

ექსპორტის მთლიან რაოდენობაში ადგილწარმოშობის ღვინოების მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: "ქინძმარაული“ (წითელი ნახევრადტკბილი) – 2 398 077 ბოთლი, "მუკუზანი“ 779 324 (წითელი მშრალი), "წინანდალი“ (თეთრი მშრალი) – 542 858, "ახაშენი“ (წითელი ნახევრადტკბილი) და "ხვანჭკარა“ (წითელი ნახევრადტკბილი) – 199 710. საქართველოში მოყვანილი ყურძნის ჯიშების ძირითადი ნაწილი თეთრია, ექსპორტზე კი უმეტესწილად წითელი ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები გადის. 

ამავე პერიოდში 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3.2 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რომსლი ღირებულებაც $8.8 მილიონს შეადგენს. ასევე 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 62 942 ბოთლი (0,5 ლ) ბოთლი ჭაჭა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.

სულ ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის მოცულობამ წლის პირველ შვიდ თვეში $70 მილიონი შეადგინა. 

კომენტარები