ჯანდაცვის რეფორმა

TI: სერგეენკოს უწყებამ უნდა დაასაბუთოს, რატომ აირჩიეს გლობალ ალიანსი

0 კომენტარი
გლობალ ალიანსის დირექტორი ჟან-ელი შარლ მალკინი ფოტო: cbw.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ჯანდაცვის სამინისტროსგან დასაბუთებულ პასუხს მოითხოვს კითხვაზე, თუ რატომ აირჩია სამინისტრომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისთვის საკონსულტაციოდ კომპანია გლობალ ალიანსი. TI-იმ ამ კომპანიის საქმიანობაც და წარსული გამოცდილებაც შეისწავლა, რომლის მიხედვითაც დაასკვნა, რომ ამ კომპანიას არ აქვს გამოცდილება და ექსპერტიზა, რომ სათანადოდ დაგეგმოს და განახორციელოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა. საქართველოს მთავრობამ გლობალ ალიანსთან ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისთვის ხელშეკრულება 2015 წლის 7 აპრილს გააფორმა. რამდენიმე დღით ადრე კი გლობალ ალიანსმა საკონსულტაციო სამუშაოს შესრულებისთვის დაკვეთა საპარტნიორო ფონდიდან მიიღო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელია ითქვას, რომ ამ კომპანიას აქვს საკმარისი გამოცდილება და ექსპერტიზა, რომ სათანადოდ დაგეგმოს და განახორციელოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა.

გლობალ ალიანსის მენეჯმენტი

შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია გლობალ ალიანსი 2014 წლის 30 აგვისტოს არის რეგისტრირებული გაერთიანებულ სამეფოში. კომპანიის ვებგვერდზე gahsc.net არ იძებნება პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია მისი არათუ ჯანდაცვის სისტემების რეფორმირების, არამედ რაიმე სხვა სახის გამოცდილების შესახებ. ასევე, ზოგადად, კომპანიის ვებგვერდი არაპროფესიონალური და არაინფორმატიულია, რაც არ არის დამახასიათებელი სერიოზული კომპანიებისათვის.

კომპანიების საძიებო პლატფორმა endole.co.uk-ის მიხედვით, დაარსებიდან დღემდე (1 წელზე ნაკლებ პერიოდში) კომპანიამ სამი დირექტორი გამოიცვალა, დღესდღეობით კომპანიის დირექტორია (იმავდროულად მისი დამფუძნებელი და მფლობელი) საფრანგეთის მოქალაქე ჟან-ელი შარლ მალკინი. ის პროფესიით ექიმია 25 წლიანი სტაჟით. მისი კარიერის ბოლო ნაწილი გაეროს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული, სადაც ის რეგიონალურ დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა. ის რამდენიმე სამეცნიერო ორგანიზაციის წევრია. საგულისხმოა, რომ მალკინი გლობალ ალიანსის დირექტორის თანამდებობაზე მხოლოდ მიმდინარე წლის 20 ივლისს დაინიშნა, ხოლო მისი წინამორბედები კი, ჩვენ მიერ მოძებული ინფორმაციის თანახმად, არავითარი რელევანტური ცოდნითა და გამოცდილებით არ გამოირჩევიან.

კომპანიის დირექტორები ასევე იყვნენ უკრაინული წარმოშობის 1984 წელს დაბადებული განნა ასსეიევა, რომელსაც თანამდებობა 2015 წლის 1 ივნისიდან 20 ივლისამდე ეკავა, და 1991 წელს დაბადებული ბრიტანელი ქრისტოფერ დეივი, რომელიც 2014 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა დირექტორად.

ღიად ხელმისაწვდომი წყაროებიდან ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა მეტად მწირი ინფორმაცია მხოლოდ განნა ასეიევას შესახებ, რომელიც 2000-იან წლებში მუშაობდა ადმინისტრაციულ ოფიცრად შიდსის წინააღდეგ საერთაშორისო ალიანსის (International HIV/AIDS Alliance in Ukraine) უკრაინულ ოფისში. ქრისტოფერ დეივის შესახებ კი ინფორმაცია არ მოიძებნა.

გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები

როგორც სამინისტროში დაგვიდასტურეს, ამ ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტროსთვის გაწეული მომსახურება მოიცავს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებასა და ც-ჰეპატიტის აღმოფხვრაში დახმარებას. ხელშეკრულების მიხედვით, გლობალ ალიანსი სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს კომპლექსური, სინერგიული ღონისძიებების სტრუქტურირებითა და განხორციელებით, რაც სამინისტროს უნდა დაეხმაროს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში, ეროვნული ჯანდაცვის სისტემის შემდგომ განვითარებაში, ეროვნული და ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და სამინისტროს ხელმძღვანელობის, მარეგულირებელი და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში.

გლობალ ალიანსმა, სხვა ამოცანებთან ერთად, უნდა დანერგოს დანახარჯთა შეკავების თანამედროვე მიდგომები, რათა აღმოფხვრას ჯანდაცვის არაციონალური ხარჯები, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის. დანახარჯთა შეკავება რეფორმის ზემოჩამოთვლილ მიმართულებებთან ერთად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს.

ჩვენი აზრით, ჯანდაცვის სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომელიც ფუნდამენტური გათვლისა და დაგეგმვის შედეგად უნდა განხორციელდეს. შესაბამისად ამ მიმართულებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს თანმიმდევრული და გააზრებული, რომ ჯანდაცვის სისტემის მომდევნო მესვეურებს არ მოუწიოთ რეფორმის თავიდან დაწყება და რესურსების განმეორებითი ხარჯვა. მიგვაჩნია, რომ ამ რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში შესაბამისი გამოცდილების მქონე სფეროს საუკეთესო სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართული", - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები