ტელეკომპანია რუსთავი 2

NGO-ები რუსთავი 2-ზე: არსებობს ეჭვი, რომ პროცესის მიღმა პოლიტიკური ინტერესია

არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რამაც, მათი მოსაზრებით, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოში ყველაზე რეიტინგული, კერძო ტელეკომპანიის სრულფასოვან ფუქნციონირებას. არასამთავრობოების მოსაზრებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პროცესის მიღმა პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე დააყადაღა ტელეკომპანიის ქონების ნაწილი.

ამ დრომდე კომპანიის თანამესაკუთრეობაზე და მოსალოდნელ სამართლებრივ დავაზე არაერთ პირს განუცხადებია, მათ შორის არა მხოლოდ ტელეკომპანიასთან უშუალოდ დაკავშირებულ, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო კრიტიკის საგანი. ამ ფონზე, უშუალოდ კომპანიის მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე ქმედებები პირველად განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავას აქვს კერძო სამართლებრივი ხასიათი, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის მიღმა შეიძლება, პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება. საქართველოში მედიის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარებისათვის აუცილებელია ამ ეჭვის გაქარწყლება, რისთვისაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და ტელეკომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. მოვლენების ასეთი განვითარება განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება, აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა დროსაც სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად პლურალიზმს და მოსაზრებათა მრავალფეროვნებას დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ და ყურადღებით დააკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ მოვლენების განვითარებას", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ - მედიის განვითარების ფონდი - MDF, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI, საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS და ტოლერანტობისა და მარავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI.

კომენტარები