2008 წლის აგვისტოს ომი

ნანუაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

უჩა ნანუაშვილი

2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავეთა იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქამი.

უჩა ნანუაშვილის განცხადებაში წერია, რომ დღემდე გამოუძიებელია შეიარაღებული მოქმედებების შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

„კონკრეტულად, ეს ეხება იძულებით გაუჩინარებას, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცულ პირთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობას, ქონების განადგურებას და ა.შ. რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის დასკვნით, შესაძლოა წარმოადგენდეს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ნანუშვილი წერს, რომ კვლავ მოუგვარებელია თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში 2008 წლის ომამდე და ასევე, ომის შემდეგ დაკავებულ პატიმართა გათავისუფლების საკითხი, რის თაობაზეც სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.

„მიმაჩნია, რომ პატიმრების განთავისუფლების აქტი, ხელს შეუწყობს ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც მხოლოდ სარგებელს მოუტანს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. პატიმრების საკითხის გადაჭრის პარალელურად, მხარეები უნდა შეთანხმდნენ ისეთ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს გამყოფ ხაზზე დაკავებების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას. დაკავებების უწყვეტი სერია ზრდის რადიკალურ განწყობას მოსახლეობაში, რაც დაძაბულობის ესკალაციისა და დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს." - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო პოლიტიკასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციას ალტერნატივა არ გააჩნია. ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვა კი კონფლიქტების პრევენციის საუკეთესო მექანიზმია.

„სამწუხაროა რომ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები კონფლიქტურ რეგიონებში ვერ ახერხებენ შეღწევას, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააქტიუროს ძალისხმევა, მათ შორის რუსეთის დარწმუნების გზით, კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური მოქნილობა უნდა გამოიჩინოს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მექანიზმების შესაქმნელად, უპირველეს ყოვლისა, გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღსადგენად" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები