რუსთავი ორის საქმე

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო, შესაბამისად, ტელეკომპანიის ყადაღის შესახებ განჩინება ძალაში რჩება.

საქმის მასალების გაცნობა ტელეკომპანია რუსთავი ორის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა დღეს შეძლო. მისი განცხადებით, ქიბარ ხალვაშის სარჩელი არის სასაცილო, ხოლო მოსამართლის მიღებული განჩინება - შოკისმომგვრელი.

მურადაშვილის განცხადებით, ქიბარ ხალვაში სარჩელში აცხადებს, რომ ის არის რუსთავი 2-ის ლოგოს ავტორი, ასევე ის გახლავთ პროექტების - უკანასკნელი გმირი, ჯეობარი და ფორტ ბოიარდი - ავტორი.

„ეს არის სასაცილო და ამ ყველაფერში ხალვაში რუსთავი 2-ისგან 500 000 დოლარის გადახდას ითხოვს", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მურადაშვილის განმარტებით, რუსთავი 2-ის ყველა ლოგო, კომპანიის მარკეტინგის განყოფილებისა და გრაფიკოს დიზაინერების შექმნილია. მურადაშვილის თქმით, ხალვაშის მიერ ხსენებული გადაცემები საერთაშორისო ლიცენზირებული პროექტებია, რომელიც სხვადასხვა დროს რუსთავი ორმა შეიძინა.

იურისტის განცხადებით, სარჩელის საავტორო უფლებების ნაწილში ხალვაშს მტკიცებულებები არ აქვს წარდგენილი და უწერია, რომ მოწმეებს დაიბარებს სასამართლოში და იქ დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს. მურადაშვილი თქმით, სარჩელის მეორე ნაწილში ხალვაში აცხადებს, რომ მას რუსთავი ორის წილი ძალით დაათმობინეს, თუმცა ამის მტკიცებულებებიც არ გააჩნია.

„რუსთავი 2 არის აბსოლუტურად ხელოვნურად ჩართული ამ საქმეში. თუ ქიბარ ხალვაშს მართლა სურს საკუთარი ინტერესების დაცვა და წილების დაბრუნება, ერთადერთი მართლზომიერი ქმედება, რაც შეიძლება მოეთხოვა, ეს არის დამფუძნებელი პირების წილების დაყადაღება", - განაცხადა მურადაშვილმა.

რუსთავი 2 მოსამართლის განჩინების გაუქმებას მოითხოვს და შესაბამის სარჩელს 12 აგვისტომდე მოამზადებს.

კომენტარები