გიორგი კარბელაშვილის საქმე

გიორგი გაბაშვილი კარბელაშვილზე: პოლიციასთან ასეთ საქციელს, გამართლება არ აქვს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კარბელაშვილი მისი თანაფრაქციელი და მეგობარია, მის საქციელს საპატრულო პოლიციასთან, გამართლება არ აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უმარავი შეკითხვა - რატომ არ აძლევდნენ გიორგი კარბელაშვილის მეგობრებსა და ახლობლებს, საათების განმავლობაში ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა; რატომ იყო მობილიზებული საპატრულო ეკიპაჟები; ის რაც ჩვენ ვნახეთ - საპატრულო პოლიციასთან ასეთი საქციელი, ამას გამართლება არ აქვს. ჩვენ ასეთი საქციელისთვის, პოლიტიკური მოტივით, ხელი არასდროს არავისთვის დაგვიფარებია", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს საღამოს გიორგი კარბელაშვილის დაკავების ამსახველი კადრები გაასაჯაროვა. შს სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: "ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი საპატრულო ეკიპაჟის წევრებს, ასევე, ისინი ხელს უშლიან პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში."

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში დააკავეს. ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას. მათ ასევე სურდათ პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერა, თუმცა - უშედეგოდ. ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ შენობაში შესვლის უფლება არც მას მისცეს, რასაც შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირება მოჰყვა კარბელაშვილის ოსიაურიდან გორში გადაყვანასაც. კარბელაშვილი დღეს დილით გაათავისუფლეს.

 

კომენტარები