UEFA-ს სუპერთასი

ბარსელონამ და სევილიამ პრესკონფერენციები გამართეს და დინამო არენაზე ივარჯიშეს

ტაბულა

თბილისში მყოფმა გუნდებმა ბარსელონამ და სევილიამ დღეს პრესკონფერენციები გამართეს და დინამო არენაზე ივარჯიშეს. ბარსელონას მწვრთნელის ლუის ენრიკეს მოსაზრებით, ხვალ ისტორიული მატჩი იქნება.

"ისტორიული მატჩია ჩვენთვის. ვეთამაშებით უძლიერეს გუნდს და არ მიმაჩნია სწორად ფავორიტის დასახელება. ნეიმარი და ხორდი ალბა არ გვეყოლება, თუმცა, შევეცდებით ამ ფეხბურთელების გარეშეც ვაჩვენოთ საუკეთესო თამაში და გავიმარჯვოთ",- თქვა ლუის ენრიკემ.

პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანმა ანდრეს ინიესტამაც ისაუბრა - "ახალი წელია, ახალი სეზონია და შევეცდებით, კარგად დავიწყოთ. რაც შეეხება ჩემს პასუხისმგებლობას, შედეგი მოვუტანო გუნდს - წელს კაპიტანი ვარ და შევეცდები, კარგი თამაში ვაჩვენო და ჩემი თანაგუნდელებიც ამას შეეცდებიან. ბევრს ჰგონია, იოლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს ასე არ იქნება. კარგი თამაში გველის მეტოქესთან. ეს ისეთი თამაშია 100%-იანი მზადყოფნაა საჭირო."


ფოტო: ტაბულა

დანი ალვეშმა კი კომენტარი ნეიმარზე გააკეთა, რომელიც ავად ყოფნის გამო ხვალ ვერ ითამაშებს - "მოულოდნელი იყო ნეიმარის ავადმყოფობა. რა თქმა უნდა, მისი ენერგია და ენთუზიაზმი დაგვაკლდება, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მის დანაკლისს შეავსებენ."

სევილიას მწვრთნელ უნაი ემერის განცხადებით კი, გუნდს უმაღლესი შედეგის მიღწევა სურს.

"ეს კიდევ ერთი შანსია. უშუალო კონკურენტს ვეთამაშებით, რომელიც ფავორიტია. ჩვენ საკუთარი პლუსები გვაქვს, რომლებზეც ვმუშაობთ. ის შანსი, რაც ხვალ გვექნება, გვინდა გამოვიყენოთ. როგორც ხვალ, ასევე მომდევნო თამაშებში, ბარსელონასთან უმაღლესი შედეგის მიღწევა გვსურს", - აღნიშნა უნაი ემერიმ პრესკონფერენციაზე.

თბილისში იმყოფება UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი. ბარსელონა და სევილია ერთმანეთს ხვალ, 22:45 საათზე დინამო არენაზე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები