საბი ბერიანი

პეტიცია პროკურატურას: საბი ბერიანის მკვლელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქალაქო სასამართლოს მიერ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილის გამართლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები პროკურატურას პეტიციით მიმართავენ და მოითხოვენ, უწყებამ სასამართლოს განაჩენი გაასაჩივროს. პეტიციის ავტორი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფია და მასზე ხელმოწერა მოქალაქეებს მოცემულ ბმულზე შეუძლიათ.

"2015 წლის 7 აგვისტოს საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი გამართლდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საბის გულმკერდში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ბინაში ხანძრი გააჩინა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად ამისა, ლევან კოჭლაშვილს მხოლოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ეს სანქცია ძალადობისა და ნივთების დაზიანებისათვის მიუსაჯა, ადამიანის სიცოცხლის განადგურების ბრალდება კი აუცილებელ მოგერიებად მიიჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლევან კოჭლაშვილმა პასუხი უნდა აგოს ძალადობისთვის და ნივთების დაზიანებისთვის, საბი ბერიანის სიცოცხლის მოსპობისთვის კი - არა.

ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემს შორისაც კი ყველაზე მეტად მოწყვლადი და გარიყული ჯგუფია. ისინი მუდმივად განიცდიან დევნას, შევიწროვებას და ძალადობას. მსოფლიო მასშტაბით ძალიან მაღალია ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების რაოდენობა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერი ადამიანები და ორგანიზაციები მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და მოვუწოდებთ პროკურატურას გაითვალისწინოს და ამტკიცოს სიძულვილის მოტივი, რომელიც ამ დანაშაულში იკვეთება საბის გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის გამო", - წერია პეტიციაში.

კომენტარები