ზურაბ ჟვანიას საქმე

ხარშილაძე პატიმრობაში 24 დეკემბრამდე რჩება, ძაძამია გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ წევრებზე კობა ხარშილაძესა და მიხელ ძაძამიაზე სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით კი, ხარშილაძეს აღნიშნულ საქმეზე შემსუბუქებული სასჯელი 2 წლისა და 4 თვის ვადით განესაზღვრა, ამნისტიის შედეგად კი, 1 წელი და 9 თვიანი ვადა დარჩა. ძველმა სასჯელმა, რომელიც გრინსერვისის საქმეზე აქვს ხარშილაძეს შეფარდებული, შთანთქა ახლად განსაზღვრული სასჯელი და ხარშილაძეს საბოლოოდ 4 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა, რაც ემთხვევა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის ვადის ამოწურვას, რომელიც მიმდინარე წლის 24 დეკემბერს სრულდება.

მიხეილ ძაძამიას კი თავდაპირველად 11 თვე და 41 დღის ვადით პატიმრობა განესაზღვრა. ამნისტირებული მუხლის საფუძველზე მას 8 თვითა და 23 დღით განესაზღვრა პატიმრობა, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ გირაოს შეფარდებამდე მიხეილ ძაძამიას აღნიშნული ვადა პატიმრობაში გატარებული აქვს, რაც ჩაეთვლება და შესაბამისად, იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა და პატიმრობაში აღარ დარჩება.

ნაფიცმა მსაჯულებმა მანამდე ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

კომენტარები