გაეროს ანსამბლეა

ფხალაძე: სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები და მოწვევები

თენგიზ ფხალაძე
ტაბულა

თენგიზ ფხალაძის თქმით, ის მავნე პრაქტიკა, რაც პრეზიდენტის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს უნდა აღმოიფხვრას. ამის შესახებ პრეზიდენტის, მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, საზოგადოებროვი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ შარშან პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის მომზადებაზე მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა.

"სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები, იმალებოდეს და არ მიდიოდეს პრეზიდენტამდე მოწვევები, არ მიდიოდეს ადრესატამდე პრეზიდენტის კორესპონდენცია და ზოგადად, იდგმებოდეს ის ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებისაკენ და მიიღებოდეს გადაწყვეტილებები სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. ფაქტობრივად შარშან მოხდა, ის, რომ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებაზე, ამით ძალიან მახინჯ პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი, გადაწყვეტილებები მიღებული ყოფილიყო პრეზიდენტთან კონსულტაციების გარეშე." - განაცხადა ფხალაძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება ან ერთი დელეგაციის, რომლის ხელმძღვანელიც არის პერემიერმინისტრი და მის შემადგენლობაში არის პრეზიდენტიც გარკვეულ უხერხულობას ქმნის. "არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ჰქონდეს დამატებითი მოწვევა ამა თუ იმ ღონისძიებაზე, მაგრამ იმ დამატებით ღონისძიებებზეც უნდა წავიდეს ის ვინც იქნება ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი. მე ვერ წარმომიდგენია პრემიერმინისტრი იყოს დელეგაციის ხელმღვანელი და ამ დელეგაციაში იყოს პრეზიდენტი და ვერ წარმომიდგენია ვერც პირიქით. ეს ალბათ არასდროს არ მომხდარა გაეროს ისტორიაში."-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში სექტემბრის ბოლოს გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა. პრემიერი ასევე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება, თუმცა საქართველოდან ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტიც, გიორგი მარგველაშვილიც არის მიწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან მეორე, პრეზიდენტის დელეგაციაც გაფრინდება ნიუ-იორკში. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელსაც ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის მოწვევა საქართველოსპრემიერმინისტრს ჰქონდა, ამავდროულად პრეზიდენტი მიწვეული იყო კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე, თუმცა გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩაშლილი იყო. საბოლოოდ კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტსაც საქართველოს პრემიერი დაესწრო. 

კომენტარები