სასმელი წყალი

ბილ გეითსმა სენეგალში ფეკალური მასის სასმელ წყლად გადამქცევი მანქანა ააშენა

ბილ გეითსი სვამს წყალს, რომელიც ხუთი წუთით ადრე ფეკალური მასა იყო
Youtube.com

ბილ გეითსის საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ფეკალური მასების სასმელ წყლად გადამქცევი სისტემა სენეგალში აშენდა. სენეგალის დედაქალაქის, დაკარის მოსახლეობას ახლა მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია იმ ნარჩენებისგან, რომლებიც ქვეყნის სანიტარული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. სისტემა იყენებს სხვადასხვა ნარჩენებს, მათ შორის ფეკალური მასებით დაბინძურებულ წყალს და მას 100%-ით სუფთა სასმელ წყლად გადააქცევს. ამავდროულად, პროცესი ეკონომიკურადაც მოგებიანია, რადგანაც მანქანა წყალთან ერთად ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს, რომლის მეშვეობითაც გასუფთავების ციკლი არ მოითხოვს არანაირ დამატებით ენერგიას. ომნიპროცესორის მიერ გამომუშავებული წყალი და ელექტროენერგია მოსახლეობას მიეწოდება. 

"2.5 მილიარდ ადამიანს სუფთა წყალზე არ მიუწვდება ხელი, ამიტომაც ჩვენმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ მოიწვია შესანიშნავი მეცნიერები, რათა ეს პრობლემა გადაგვეჭრა. მათ წარმოგვიდგინეს ისეთი გეგმა, რომლის მიხედვითაც ნარჩენები მომგებიანი ხდება", - განაცხადა ბილ გეითსმა.  

ომნიპროცესორი ფეკალურ მასებსა და დაბინძურებულ წყალს გადააქცევს სუფთა სასმელ წყლად, ელექტროენერგიად და ფერფლად. პროცესის დროს ხდება დაბინძურებული ნარჩენების გაცხელება, რა დროსაც წყალი ორთქლად იქცევა. ამავდროულად, დარჩენილი ნარჩენები იქცევა გამომშრალ მასად, რომელიც თავიდან ცხელდება. ამ დროს მაღალი წნევის მქონე ორთქლი წარმოიქმნება, რომელიც ატრიალებს ტურბინას და ქმნის ელექტროენერგიას, რომელიც პროცესის ასამუშავებლად გამოიყენება, მეტობით მიღებული ენერგია კი ელექტროსისტემას უბრუნდება. წყლის ორთქლი კი გამწმენდ სისტემას მიეწოდება, რომლის გავლის შემდეგაც მიიღება ყოველგვარი მინარევისგან თავისუფალი სასმელი წყალი. 

სენეგალში აფრიკის სხვა ქვეყნების მსგავსად წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გაუმართაობის გამო მილიონობით მოქალაქე ინფექციური დაავადებების რისკის ქვეშ ცხოვრობს. ანალიტიკოსების შეფასებით, წყლის გაწმენდის მსგავსი სისტემების ფართო გავრცელება ამ პრობლემის აღმოფხვრის კომერციულად მოგებიანი გზა იქნება, რომელიც კერძო მეწარმეებს ინიციატივას მისცემთ, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებში ინვესტიციები ჩადონ და ეს პრობლემა კომერციულად მოგებიანი გზით გადაჭრან. 

კომენტარები