ე.წ კორტების სპეცოპერაცია

კორტების საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები - იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია, გიორგი გულბიანი და ალექსანდრე სანიკიძე პატიმრობიდან პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა. მათ თავდებად სპეცრაზმის მოქმედი წევრები დაუდგნენ.

დაცვის მხარემ რიგითი სპეცრაზმელებისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის შესახებ შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააყენა. მოთხოვნას პროკურატურაც დაეთანხმა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითი სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად 11 ივნისს გამოიყო. თავდაპირველად ბრალი წარედგინა 12 პირს, საიდანაც 11 დააკავეს. თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელმძღვანელი პირების საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, რიგითი სპეცრაზმელების კი - ერთ წარმოებად. ამასთან, 8 ივლისის სხდომაზე, სამი რიგითი სპეცრაზმელი დაკითხეს. პროცესი დახურული იყო. პროკურორის და ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულებმა "მამხილებელი ჩვენებები მისცეს".

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების ადვოკატი დავით ხაჟალია დღევანდელი პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ მოსალოდნელი იყო რიგითი სპეცრაზმელებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, განრიდება ან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

"ჩვენი მოლოდინი გააჩინა იმან, რომ მათი საქმე გამოიყო და ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ისინი ჩვენ წინააღმდეგ მოწმეებივით გამოვიდნენ სხდომაზე, თუმცა მათ ჩვენებებს ახალი არაფერი უთქვამთ. ვინმეს ბრალეულობა საკონტროლო გასროლებთან, ან შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით მათი ჩვენებებით არ გამოვლენილა. მათ ჩვენებებში ისაუბრეს მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც იმ ბრალს, რაც წარდგენილი აქვთ, სრულიად სხვა კონტექსტში გადაიყვანს და არა განზრახ მკვლელობის, ან საკონტროლო გასროლების მიმართულებით", - თქვა ხაჟალიამ.

კომენტარები