კრიზისი უკრაინაში

მარიუპოლის დაბომბვას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

Necro Mancer's Twitter account

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. გასულ ღამეს რუსმა ინტერვენტებმა არტილერიით ქალაქ მარიუპოლის გარეუბანი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი - დაშავდა. დაზიანდა რამდენიმე ათეული სახლი. უკრაინის პროკურატურამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.

კიევის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღე-ღამის განმავლობაში 148-ჯერ დაირღვა. მარიუპოლის გარდა, დაიბომბა დონეცკის გარშემო და ლუგანსკის ოლქში მდებარე დასახლებული პუნქტები. დაიღუპა ორი უკრაინელი მებრძოლი.

სეპარატისტები კი, საარტილერიო ცეცხლის გახსნაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებენ. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან საკუთარი ძალების რაოდენობა 50 ათასამდე გაზარდა. შტაბის ცნობით, ქვეყნის შიგნით 9 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება, რუსეთმა უკრაინაში 400-მდე ტანკი და 2 ათასამდე ერთეული ჯავშანტექნიკა განალაგა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა. სერგეი ლავროვის თქმით, საბრძოლო მოქმედებები იმდენად გააქტიურდა, რომ „ახლა უკვე შეიძლება ვისაუბროთ არა გამყოფ ხაზზე, არამედ ფრონტზე“. მისი თქმით, უკრაინული ძალები დაპირისპირების ხაზიდან სამხედროების და შეიარაღების გაყვანის ნაცვლად, პოზიციებს აძლიერებენ.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ყირიმში ჩავიდა. ვლადიმირ პუტინი მონაწილეობას მიიღებს ყირიმის რუსეთთან შემაერთებელი ხიდის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, ასევე გამართავს თათბირს რუსეთში ტურიზმის განვითარების შესახებ.

კომენტარები