ტელეკომპანია რუსთავი 2

ღარიბაშვილი: რუსთავი 2-ის საქმეში მთავრობის მონაწილეობა გამორიცხულია

0 კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ უარყოფს ხელისუფლების მონაწილეობას ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში და პროცესების „აბსოლუტურად გამჭვირვალედ" წარმართვის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენთვის მთავარია, რომ პროცესები აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმათოს. როგორც არ უნდა შეეცადონ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, თქვენი ტელეარხი [რუსთავი2], რამენაირად მთავრობის მონაწილეობა წარმოაჩინონ, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია", - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელიც კალათბურთის აკადემიის გახსნას ესწრებოდა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსთავი 2-სა და ქიბარ ხალვაშს შორის მიმდინარე სამართლებრივი დავა არის „ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე დავა, რომელიც უნდა გაგრძელდეს სასამართლოში" და აღნიშნა, რომ დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის, 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონება დღემდე სრულად დაყადაღებულია. მოსამართლემ გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ყოფილი მეწილის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. ხალვაშმა, რომელიც ტელეკომპანიის წილის დაბრუნებას ითხოვს, სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და ამჟამინდელი მფლობელები სასამართლო დავის შინაარს უპერსპექტივოს უწოდებენ და აფასებენ, როგორც ხელისუფლების მცდელობას, შეზღუდოს და აკონტროლოს მისდამი კრიტიკულად განწყობილი მედია.

სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს და შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გადაწყვეტილებას „არაპროპორციული და გადაჭარბებული" უწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ ყოფნის შთაბეჭდილებაზე საუბრობს აშშ-ს საელჩო საქართველოში. პროცესს თავისუფალ მედიაზე თავდასხმად აფასებს პოლიტიკური ოპოზიცია. ხელისუფლება ყველა ბრალდებას უარყოფს.

რუსთავი 2-მა სასამართლოს გადაწყვეტილება ყადაღის შესახებ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, საქმე სააპელაციო სასამართლოს გადაეცემა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები