სასკოლო სახელმძღვანელოები

სანიკიძე: ყდების გაკეთება არცერთი გამომცემლობისთვის არ შეგვითავაზებია

ტაბულა

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, სამინისტროს სასწავლო პროცესის ჩასატარებლად საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები აქვს. მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ძველი წიგნების რესტავრაცია მოხდება და მათ ახალ ყდებში ჩასვამენ.

"ყველა მოსწავლეს წიგნი დახვდება სკოლაში. ვთვლით, რომ ეს არის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი და როგორც ვგეგმავდით, ისევე განვახორცილებთ ამ პროექტს. რაც შეეხება სახელმძვანელოებს, შიგთავსსა და გარეკანს, ჩვენ მრავალი ვერსია გადავამოწმეთ წლის განმავლობაში. ჩავატარეთ ანალიზი და გადავამოწმეთ შესაძლო ვარიანტები. ბევრი ალტერნატივა დამუშავდა. ამ ეტაპზე დამატებითი სახელმძღვანელოების საჭიროება არ არსებობს. დღეს დასრულდა ქვეყნის მასშტაბით წიგნების დათვლა, ინვენტარიზაცია და აღმოჩნდა, რომ წიგნები სრულად გვაქვს. ახალი ყდების გაკეთების შესახებ ინფორმაცია, როგორც ერთ-ერთმა გამომცემელმა თქვა, და თურმე მას შესთავაზეს ასეთი ყდების გაკეთება - ეს არის ცრუ ინფორმაცია. ერთადერთი, რაც სამინისტრომ გააკეთა, ჩაატარა მოკვლევა, რამდენი შეიძლება დამჯდარიყო ესა თუ ის მომსახურება, რაიმე შეთავაზება არცერთი გამომცემლობის მისამართით არ გაკეთებულა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში და აღნიშნა, რომ სასწავლო წლის დაწყებისას, ყველა მოსწავლეს ექნება სწალისათვის გამოსადეგი სახელმძღვანელო. მისივე თქმით, ყველა მოსწავლის წიგნების კომპლექტაციაში იქნება როგორც ახალი, ისე გამოყენებული წიგნები. სანიკიძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო ყოველ წელს ჩაატარებს მოკვლევას სიტუაციის შესაფასებლად.

ბათუმელების ინფორმაციით კი, საქართველოს განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების ყდების დასაბეჭდად ბაზრის შესწავლა დაიწყო. გამოცემის ცნობით, ახალი ყდების შემოკვრა იმ წიგნებზე იგეგმება, რომელთაც სკოლებში გამოყენების შედეგად გარეკანი დაუზიანდათ, მაგრამ შიგთავსი არ არის შელახული. როგორც ბათუმელები წერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" (ESIDA) შეთავაზება გამომცემლობებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. წერილს ხელს აწერს ამავე სააგენტოს დაგეგმვისა და ანალიტიკის სამსახურის ბაზრის კვლევის სპეციალისტი ნათია გოდერძიშვილი.
"გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იწყებს ბაზრის კვლევას ყდების ბეჭდვასთან დაკავშირებით იმ დაზიანებული სახელმძღვანელოებისთვის, რომელთა შიგთავსი შეესაბამებოდა მინისტრის 103/ნ-ით დადგენილ კრიტერიუმებს. მომსახურება უნდა მოიცავდეს წიგნების ტრანსპორტირებას საწყობიდან სტამბამდე, ყდების ბეჭდვას, მათ ჩასმას და ტრანსპორტირებას უკან საწყობამდე (მის: სოფ. დიდი ლილო, ერეკლეს ქუჩა)", - ნათქვამია წერილში.

კომენტარები