საქართველოს ეკონომიკა

ინვესტიციების წინასწარსა და საბოლოო მაჩვენებლებს შორის $500 მილიონიანი აცდენაა

კასპერ პემპელი / REUTERS

საქსტატის დაზუსტებული ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა 87%-ით გაიზარდა და $1.75 მილიარდი შეადგინა, რაც 2007 წლის შემდეგ უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მაჩვენებელია. თუმცა, საქსტატის წინასწარი პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების მოცულობა $486 მილიონით ნაკლები იყო და ის $1.27 მილიარდს შეადგენდა. 2013 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარსა და საბოლოო მაჩვენებელებს შორის ცდომილება წლევანდელზე 16-ჯერ ნაკლები იყო, რაც ზოგიერთ ეკონომისტს ამ რიცხვების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საშუალებას აძლევს. 

წინასწარსა და დაზუსტებულ მონაცემებს შორის სხვაობა განსაკუთრებით მაღალია აშშ-დან შემომავალ ინვესტიციებზე, საიდანაც წინასწარი პროგნოზით $80 მილიონის მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა, დაზუსტებული მონაცემებით კი, ეს რიცხვი $181 მილიონია. ასევე $39-მილიონიანი სხვაობაა აზერბაიჯანული ინვესტიციების წინასწარსა და საბოლოო მაჩვენებელებს შორის. დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია.

საქსტატის წინასწარსა და საბოლოო მონაცემებს შორის სხვაობა კი ასეთია:

  • ნიდერლანდები წინ. - $331 მილიონი. დაზუსტებული - $373 მილიონი
  • აზერბაიჯანი წინ. - $302 მილიონი. დაზუსტებული - $341 მილიონი
  • ჩინეთი წინ. - $195 მილიონი. დაზუსტებული - $217 მილიონი
  • აშშ წინ. - $80 მილიონი. დაზუსტებული - $181 მილიონი
  • ლუქსემბურგი წინ.- $85 მილიონი. დაზუსტებული - $109 მილიონი
  • სხვა ქვეყნები წინ. - $279 მილიონი. დაზუსტებული - $532 მილიონი

წინასწარსა და საბოლოო მონაცემებს შორის სხვაობებია ასევე ინვესტირების სექტორებშიც. სექტორების მიხედვით მაღალი სხვაობა ენერგეტიკის სექტორშია, სადაც წინასწარი ინვესტიციების მაჩვენებელი $99 მილიონს შეადგენდა, დაზუსტებული მონაცემებით კი ინვესტიციის მოცულობა $189 მილიონია. 

  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა წინ. -$343 მილიონი. დაზუსტებული - $433 მილიონი
  • მშენებლობა წინ. -$295 მილიონი. დაზუსტებული - $316 მილიონი
  • დამამუშავებელი მრეწველობა წინ. -$174 მილიონი. დაზუსტებული - $205 მილიონი
  • ენერგეტიკა წინ. -$99 მილიონი. დაზუსტებული - $189 მილიონი
  • უძრავი ქონება წინ. -$87 მილიონი. დაზუსტებული - $138 მილიონი
  • სხვა სექტორები წინ. -$274 მილიონი. დაზუსტებული - $473 მილიონი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილები არის შემომავალი ნაკადები, ანუ სულ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება, რაშიც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება და დივიდენდების გაცემა იგულისხმება. გარდა ამისა, გამავალ ნაკადებში შედის სავაჭრო კრედიტის დავალიანების, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდაც. 

სულ შემომავალი ინვესტიციების რაოდენობამ შეადგინა $2.87 მილიარდი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელს $675 მილიონით აღემატება. ბიზნესმენების მიერ გადახდილმა ვალდებულებებმა, ანუ საქართველოდან უცხოეთში გადინებულმა თანხამ კი - $1.13 მილიარდი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელს $214 მილიონით აღემატება. 

საქსტატის კალკულაციაში რამდენიმე ეკონომისტს ეჭვი ეპარება. ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის შეფასებით, სახელმწიფომ საქსტატის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა უნდა უზრუნველყოს, ის პარლამენტს ამ უწყების საქმიანობის უკეთ გაცნობის რეკომენდაციასაც აძლევს. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ დროს ქვეყანაში შემოდის უცხოური ვალუტა, რაც ქვეყნის ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა.

ლარის გაუფასურება 2014 წლის ბოლო კვარტალში დაიწყო, აქამდე ცნობილი იყო, რომ ამ პერიოდში ინვესტიციების მოცულობა საშუალო ზომის იყო და ის $349 მილიონს შეადგენდა, დაზუსტებული მონაცემებიდან კი ირკვევა, რომ ამ დროს უცხოური ინვესტიციების სახით შემოვიდა $525 მილიონი, რასაც ლარის სიმყარისთვის წესით ხელი უნდა შეეწყო, თუმცა სწორედ ამ პერიოდში ლარი უფასურდებოდა.

კომენტარები