საბერძნეთი

ციპრასი გადადგა და ახალი არჩევნები დანიშნა

Reuters

საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი გადადგა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ციპრასი 7 თვის წინ, 2015 წლის იანვარში გახდა საბერძნეთის პრემიერი, თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირის ახალი დახმარების პროგრამის სრულ ამოქმედებამდე, ნდობის ახალი მანდატი სჭირდება. ციპრასის მიზანი საკუთარ გუნდში იმ მოწინააღმდეგეების ხმების ჩახშობაა, რომლებიც ევროკავშირის დახმარების პროგრამის პირობებს არ ეთანხმებიან. 7-თვიანი მმართველობის შემდეგ ციპრასის საარჩევნო ყუთთან დაბრუნების მიზეზი სწორედ გუნდში რადიკალური ძალების განეიტრალებაა. ევროკავშირის  დახმარების მესამე პროგრამის სრულ ამოქმედებამდე სირიზას ლიდერს სურს საკუთარი პოპულარობის კაპიტალიზება მოახდინოს და ძალაუფლება მოწინააღმდეგეების გარეშე მოიპოვოს. არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა, ბერძნული მედია 20 სექტემბერზე მიუთითებს. 

საერთაშორისო და ადგილობრივი კომენტატორებისთვის ციპრასის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ისინი დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ შემოდგომაზე ციპრასი პოზიციების გასაძლიერებლად არჩევნებს დანიშნავდა. გასულ კვირას სირიზას საარჩევნო სიით  პარლამენტში მოხვედრილთა მესამედმა ევროკავშირის დახმარების პროგრამას მხარი არ დაუჭირა. სავარაუდოდ სწორედ ამის გამო დააჩქარა ციპრასმა არჩევნების დანიშვნა. 

კომენტარები