სტიქია კახეთში

დელტა: სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები მუშაობდნენ, თუმცა ამას აზრი არ ჰქონდა

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დელტას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის გიგა ინაშვილის განმარტებით, 
"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მოქმედებს მაშინ, როდესაც ხდება ღრუბლის სეტყვის მარცვლის ჩამოყალიბება. რაც წუხელ მოხდა, ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა უკვე ჩამოყალიბებულ ღრუბელთან". კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა დანადგარებმა კახეთის გუშინდელი სეტყვისგან დაცვა, ინაშვილი აცხადებს, რომ "დანადგარები მუშაობდნენ, მაგრამ ამ მუშაობას აზრი არ ჰქონდა".

"სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან შემოვიდა დიდი ზომის ღრუბლის ფრონტი, რომელშიც უკვე ჩამოყალიბებული იყო სეტყვის მარცვლები. მოხდა აქტიურად ზემოქმედება, მაგრამ მისი დაშლა ტექნიკურად შეუძლებელია. ღრუბელმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა, კავკასიონის ქედის კალთებთან გაჩერდა და ახმეტიდან დაწყებული დასეტყვა ეს სოფლები. დანადგარები მუშაობდნენ, თუმცა ამ მუშაობას აზრი არ ჰქონდა", - აღნიშნა ინაშვილმა.

რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, მისი თქმით, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟების შემთხვევაში, ღრუბელი ასეთი სიმძლავრით აღარ გაძლიერდებოდა.

"თუმცა, სისტემამ მაინც ეფექტურად იმუშავა და მოხერხდა ის, რომ ეს ღრუბელი კიდევ უფრო არ გაძლიერდა. ჩვენმა სისტემამ 28 მაისს დაიწყო ფუნქციონირება და დღემდე სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ. ამის მიუხედავად, 35-36-ჯერ ავიცილეთ სეტყვა კახეთში. ეს სისტემა რომ არ ყოფილიყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კახეთში ბევრად დიდი ზარალი გვექნებოდა", - აცხადებს დელტას პრესსამსახური.

აღსანიშნავია, რომ კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მოწყობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.  

გუშინ ღამით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყვარელში, ახმეტასა და ლაგოდეხში მოსავალი გაანადგურა. ქარმა კი, სახლებს სახურავები გადახადა. ლაგოდეხის რაიონის სოფლებში დატბორილია სახლების პირველი სართულებიც. სტიქიისგან გამოწვეული დაზიანებების გამო ყვარელსა და ლაგოდეხში 8 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

კომენტარები