საგადასახადო შეღავათები

დღეიდან დევნილების მიმართ საგადასახადო შეღავათები ამოქმედდა

iStockPhoto

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა - მიმართ ახალი საგადასახადო შეღავათი ამოქმედდა.  დღეიდან ამოქმედებული ახალი წესის თანახმად, მიუხედავად საგადასახადო დავალიანებისა და მათ საბანკო ანგარიშებზე შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი საინკასო დავალებებისა, დევნილთა ყოველთვიურ შემწეობებზე ყადაღა და საინკასო დავალება აღარ გავრცელდება და ისინი დევნილთა შემწეობის სრულად მიღებას შეძლებენ.

დღემდე მოქმედი კანონის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა,  საგადასახადო დავალიანების მქონე გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალებებით ჩამოეწერა თანხა და ჩაერიცხა შესაბამის ბიუჯეტში. ამდენად, საინკასო დავალების წარდგენის შემთხვევაში, საინკასო დავალებებით თანხები იჭრებოდა პირის ნებისმიერი ანგარიშიდან, მათ შორის,  იმ ანგარიშებიდანაც, სადაც პირს ერიცხებოდა პენსიისა და სხვადასხვა სოციალური დახმარების თანხები.

2012 წელს ფინანსთა მინისტრის #994 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, საბანკო დაწესებულება ვალდებული ხდებოდა საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა და საინკასო დავალება არ გაევრცელებინა იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს  მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით. ამიერიდან ამ ჩამონათვალს დაემატა ის ანგარიშებიც, სადაც დევნილთა შემწეობის თანხები ირიცხება.

კომენტარები