ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების ათეული

საიმონ დოუსონი / Bloomberg

World Economic Forum-მა 2015 წლისთვის მსოფლიოს 10 ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სია გამოაქვეყნა. სიაში შემავალმა ქვეყნებმა მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკანსაკნელ პერიოდში განხორციელებული რეფორმებითა და საკუთარი ქვეყნის მიმზიდველობის ზრდით მიაღწიეს. 

10) მოზამბიკი 

2015 მშპ-ს ზრდა: +7.2%

მოზმამბიკის ეკონომიკური ზრდა გასული წლების მანძილზე ბუნებრივი რესურსების ათვისებაში არსებულ ზრდას უკავშირდება. უკანასკნელი შეფასებების მიხედვით ქვეყანაში იმაზე გაცილებით მეტი ბუნებრივი აირი და ქვანახშირია ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი. ქვეყანა მომავალი ხუთი წლის მანძილზე ჰიდრორესურსების ათვისებას გეგმავს. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი აგრარულ სექტორშია დასაქმებული. ასევე 50%-ს აჭარბებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვიც. 

მაპუტო, ახალადგახსნილი სავაჭროცენტი
ფოტო: flickr.com

9) ბჰუტანი

2015 მშპ-ს ზრდა: +7.9%

ბჰუტანი შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე განვითარებად ქვეყანაა. ბჰუტანის ეკონომიკა მნიშვნელოვანად არის დამოკიდებული ჰიმალაის ჰიდრორესურსების ათვისებაზე. ქვეყნის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის ინდოეთში ექსპორტირებაზე მოდის. მსოფლიო ბანკის შეფასებით ჰიდროენერგეტიკას ბჰუტანის ეკონომიკის სწრაფი განვითარება შეუძლია. მოსახლოების ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ბჰუტანის ეკონომიკა მეზობელი ნეპალის მსგავსად ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.


ფოტო: telegraph.co.uk

8) ინდოეთი

2015 მშპ-ს ზრდა: +7.4%

პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა ქვეყანაში რეფორმებს შედარებით დაბალი ტემპით ახორციელებს, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, ამ რეფორმების ეფექტურობა საკმაოდ მაღალია. გასული წლების მანძილზე ინდოეთის ეკონომიკაში მომსახურების სფერო დაწინაურდა. სამუშაო ძალა საკმაოდ არათანაბრად არის განაწილებული და არსებული კონომიკური ზრდა სექტორებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. ქვეყნის მოსახლოების დიდი ნაწილი აგრარულ სექტორშია დასაქმებული, სადაც შედარებით დაბალი ეკონომიკურ ზრდაა, რის გამოც ქვეყანას საყოველთაო სიღარიბიდან გამოსვლა უჭირს. მნიშვნელოვან პრობლემას კვლავ წარმოადგენს ფართოდ გავრცელებული კორუფცია და ადამიანის უფლებების დაცვაში არსებული ხარვეზები.

ნარენდრა მოდი დელიში
ფოტო: Getty Images

7) პაპუა ახალი გვინეა

2015 მშპ-ს ზრდა: +16%

პაპუა ახალი გვინეის მოსახლეობის 85% აგრარულ სექტორში მუშაობს. დასაქმებულთა დარჩენილი 15% კი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ნაწილს ქმნის. ახალ გვინეაში განსაკუთრებით სწრაფად მზარდია სამთო-მოპოვებითი სექტორი. ქვეყანა ოქროსა და სპილენძის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. მთავრობას მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს მოსგვარებელეი, მათ შორის კი უმთავრესი ქვეყნის საერთაშორისო ინვესტორთათვის მიმზიდველობის გაზრდაა. ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციებიც საჭიროებენ განმტკიცებას.

ოქროს საბადო, პაპუა ახალ გვინეაში
ფოტო: wikipedia.org

6) კოტ-დ’ივუარი

2015 მშპ-ს ზრდა: +8%

კოტ-დ’ივუარი მსოფლიოში კაკაოს უმსხვილესი ექსპორტიორია. მოსახლოების ორ მესამედზე მეტი სწორედ კაკაოს, ყავის და მიწის თხილის მოყვანით არის დაკავებული. ქვეყნის ექსპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ საკვებ პროდუქტებზე მოდის. ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა უმთავრესი ამოცანაა.


ფოტო: technoserve.org

5) უზბეკეთი

2015 მშპ-ს ზრდა: +7.6%

უზბეკეთი შუა აზიაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. ქვეყნის შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ რესურსებით ვაჭრობით გენერირდება. ასევე ქვეყანა ბამბის მეხუთე უმსხვილესი მწარმოებელია. უზბეკეთი ერთ-ერთი ყველაზე დახურული და კორუმპირებული ქვეყანაა. 

უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი
ფოტო: abasayyoh.com

4) ბირმა (მიანმარი)

2015 მშპ-ს ზრდა: +8.5%

მიანმარი სამხრეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ქვეყანამ ეკონომიკის რეფორმირება 2011 წელს დაიწყო. მიანმარი მრავალი ბუნებრივი რესურსით არის მდიდარი. ქვეყანას ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.


ფოტო: allworldtowns.com

3) კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

2015 მშპ-ს ზრდა: +8%

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა მინერალური რესურსებით საკმაოდ მდიდარია, თუმცა ათწლეულების მანძილზე ეს სიმდიდრე განუვითარებელი ინფრასტრუქტურისა და მაღალი კორუფციის გამო ქვეყანაში სიმდიდრეს ვერ ქმნიდა. ქვეყანამ 90-იანების პოლიტიკური დაძაბულობიდან გამოსვლა მხოლოდ 2010 წელს დაიწყო. 

არჩევნები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
ფოტო: wordpress.com

2) თურქმენეთი

2015 მშპ-ს ზრდა: +8%

თურქმენეთის - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და კორუმპირებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ენერგომატარებლებით ვაჭრობას უკავშირდება. თურქმენეთს მსოფლიოში ბუნებრივი აირის მეოთხე უმსხვილესი მარაგი აქვს. თურქმენეთის ეკონომიკური ზრდა მის მიერ ჩინეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას უკავშირდება. 2014 წელს ქვეყანამ 2010 წელს დასრულებული მილსადენის დატვირთვა 55 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა. თურქმენეთი ახალი ბაზრების ათვისებაზეც მუშაობს, უკვე დაგეგმილია ტრანსავღანური მილსადენის აშენება, რომელიც ავღანეთის გავლით შუააზიურ ბუნებრივ აირს პაკისტანსა და ინდოეთს მიაწვდის. 


ფოტო: uniglobeshreeaakashtravel.com

1) ეთიოპია

2015 მშპ-ს ზრდა: +9.5%

ეკონომიკური ზრდის მიხედვით პირველ ადგილზე ეთიოპიაა. ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში გასული ათწლეულის მანძილზე შობადობის ბუმი იყო, დღეისათვის ეთიოპიის მოსახლეობა 90 მილიონს აჭარბებს. ეთიოპიაში ეკონომიკის განვითარებას მთავრობის ყურადღება ვერ ექცეოდა, ქვეყანა საკუთარი ეკონომიკის განვითარებას პრაქტიკულად ეხლა იწყებს. მისი მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ეთიოპიის ძირითად საექსპორტო საქონელს ყავა წარმოადგენს. გასულ წელს ქვეყნის ექსპორტი გაიზარდა და $3.16 მილიარდი შეადგინა, რაც საქართველოს ექსპორტს მხოლოდ $300 მილიონით აღემატება. 

ეთიოპიის დედაქალაქი ადის-აბება
ფოტო: wordpress.com

 

კომენტარები