ნედლეული

ირანი ნავთობის ბაზარზე საკუთარი წილის დასაცავად მოპოვების ზრდას გეგმავს

ნედლი ნავთობი
REUTERS

ირანი ნავთობის ბაზარზე საკუთარი წილის დაცვას "ნებისმიერ ფასად შეეცდება". ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა, ბიჯან ნამდარ ზანგენჰმა განაცხადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ირანი სანქციების შემსუბუქების შემდეგ ნავთობის მოპოვებას გაზრდის, რაც ბაზარზე ნავთობის ფასის კიდევ უფრო მეტად დაწევას გამოიწვევს. ნავთობის ფასი გასულ კვირაში გასული ექვსი წლის მინიმუმამდე შემცირდა და ერთ ბარელზე (WTI) უკვე $40-ს შეადგენს. ირანის მიერ მოპოვების ზრდამ კი, მისი ფასი კიდევ უფრო მეტად უნდა შეამციროს. 

"ჩვენ გავზრდით ნავთობის მოპოვებას, სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. თუკი ახლა ირანი ბაზარზე საკუთარ თავს სრულად ვერ დაიმკვიდრებს, ამის შესაძლებლობა მას აღარ ექნება, ქვეყანა საკუთარ წილს ნებისმიერ ფასად დაიცავს", - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში. ირანი საუდის არაბეთთან შედარებით უფრო ძვირადღირებული მწარმოებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპოვების ზრდის შემთხვევაში ირანი საკუთარ ნავთობს ეკონომიკურად ნაკლებად მოგებიან ფასად გაყიდის.

ირანი საუდის არაბეთის შემდეგ ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის OPEC-ის მეორე უმსხვილესი მომპოვებელი იყო, სანამ 2012 წელს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების გამო, აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები არ დაუწესეს. ნავთობმომპოვებლები, როგორიცაა BP და Royal Dutch Shell-ი სანქციების მოხსნის შემდეგ ირანთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ემზადებიან. სანქციების შემსუბუქების შემდეგ Shell-ი ირანს დავალიანების სახით $2.3 მილიარდს გადაუხდის. ნავთობის მარაგების მიხედვით ირანი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. 

ნავთობის მინისტრის განცხადებების პარალელურად, ირანი ნავთობის ფასების ვარდნით შეშფოთებულია და OPEC-ს აგვისტოში ფასების ვარდნის გამო საგანგებო მინისტერიალის მოწყობაც სთხოვა, თუმცა OPEC-ი ნავთობის მოპოვების შემცირებას არ გეგმავს. OPEC-ის 5 ივნისს გამართულ მინისტერიალზე გადაწყდა, რომ ორგანიზაცია საკუთარ მოპოვებას არ შეამცირებდა და მას დღეში 30 მილიონ ბარელზე დატოვებდა. თუმცა დღეისთვის ფაქტობრივი მოპოვება არა 30, არამედ 32 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც საუდის არაბეთის მიერ მოპოვების ზრდას უკავშირდება. ირანი OPEC-ის გადაწყვეტილებას მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგებოდა, რადგანაც ირანული ნავთობის მოპოვება არაბ მწარმოებლებთან შედარებით უფრო ძვირია. OPEC-მა კი ფასები სწორედ ირანის შემოსვლამდე დასწია.

ნავთობის ფასის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი მსხვილი მწარმოებლების, როგორიცაა: OPEC-ი, აშშ და რუსეთი, დაპირისპირებაა უფრო დიდი საბაზრო წილის მოსაპოვებლად. ამ დროისთვის ყველაზე მეტ ნავთობს საუდის არაბეთი მოიპოვებს და მას საკუთარი ეკონომიკისთვის ნაკლებად მოგებიან ფასად ყიდის. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზი პირველ რიგში ამერიკული ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის ჩაძირვაა, რადგანაც ამ მეთოდით ნავთობის მოპოვება აშშ-ში საშუალოდ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე იაფი არაბული ნავთობის მოპოვება. დაბალი ფასების პირობებში კი ინვესტორებს ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების ინიციატივა შეუმცირდებათ და აშშ-ში მოპოვება შემცირდება, რასაც ნავთობის გაძვირება მოჰყვება. აგვისტოში ასევე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია სპარსეთის ყურის კიდევ ერთი მწარმოებლის - ერაყის მოპოვებამაც. ქვეყანა დღეში 4 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, საიდანაც 500 ათასი ექსპორტზე გადის, დიდი ნაწილი კი მარაგდება. 

ნავთობის ფასების შემცირების გამო შუა აზიის უმსხვილესი ნავთობექსპორტიორის ყაზახეთის ვალუტა - ტენგე ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე 27%-ით გაუფასურდა. 

ნავთობის ფასების შემცირება მხოლოდ გაზრდილ მოპოვებას არ უკავშირდება, ჩინური ბირჟების ვარდნის გამო გაჩნდა მოლოდინები, რომ ჩინური ბაზარი მომავალში უფრო ნაკლებ ნავთობს მოიხმარს. განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდა, რაც ნედლეულის ფასებზე უარყოფითად აისახება. 

ნავთობზე ფასების კლება მსოფლიოს 1 მილიარდი ავტომფლობელისთვის კარგი სიახლეა, უკვე შემცირებულია ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები.

საქართველო ნედლი ნავთობის ფასზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის, რადგანაც ქვეყანაში მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს, ამიტომაც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ აისახება. 

კომენტარები