ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 3 თეთრით, ევროსთან კი 8.2 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ლარი ტურისტული სეზონის ფონზე კვლავ უფასურდება. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 3.04 თეთრით გაუფასურდა. მომავალი სავალუტო აუქციონის შედეგების გამოცხადებამდე, ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.3640 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 8.2 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.7162 ლარი ეღირება. კომერციულ ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო სისტემა Bloomberg-ზე ლარის კურსი უფრო დაბალია და ის დოლართან მიმართებით 2.39-ს შეადგენს. 

მთავრობა ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის დროს ელოდა, თუმცა წელს იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტი ხნით რჩება, 0.2%-ით შემცირდა. ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ლარის კურსზე საგარეო ფაქტორებიც მოქმედებენ, გასული დღეების განმავლობაში რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, რაც ამ რეგიონის წამყვანი ეკონომიკების, რუსეთის, ყაზახეთისა და თურქეთის ეროვნული ვალუტების გაუფასურებაში აისახა. ამასთანავე, დღეს ევროს კურსი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, რაც საქართველოშიც ევროს გამყარების ერთ-ერთი მიზეზია. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

 

კომენტარები