რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ხიდაშელი: გაწმენდილი რკინიგზა დაგვხვდება აფხაზეთში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა რუსეთის უკანონო პოლიტიკის გაგრძელებაა. მისივე თქმით, გაწმენდილ რკინიგზას მომავალში საქართველოსთვის მხოლოდ დადებითი ფუნქცია ექნება.

"რკინიგზა - ეს ისეთი ტიპის მოვლენაა, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფუნქციით გამოიყენო. თავისთავად ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალები მსგავსი ტიპის ღონისძიებას ახორციელებენ, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომელსაც რუსეთი ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების დარღვევით საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს. მაგრამ ეს არახალია, შეჩვეული ვართ, ვიცით, გასაგებია, ალბათ, კიდევ მეტს გააკეთებენ. მთავარია, საქართველოს ხელისუფლება იყოს სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ხელოვნურად გავლებულ ბარიერებს აქეთ გადმოსვლა არ მოხდეს. და რაც უფრო მეტ კარგ საქმეს გააკეთებენ, რკინიგზას აღადგენენ და მსგავსი ტიპის ამბებს გააკეთებენ, როდესაც აფხაზეთი დე ფაქტოდ საქართველოს ტერიტორია იქნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, იმიტომ, რომ გაწმენდილი რკინიგზა დაგვხვდება ადგილზე", - თქვა ხიდაშელმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ოჩამჩირიდან ენგურამდე რკინიგზის აღდგენაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების ქვედანაყოფები მუშაობენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, სამუშაოები, რომელშიც 500 სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს, წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

კომენტარები