საგამოძიებო სამსახური: ფალსიფიცირებულ ფეირსა და სეიფგარდს ბაზარზე ასაღებდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისსა და რუსთავში, კუსტარულ საწარმოებში დამზადებული, დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია ამოიღო. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, "ფეირის", "სეიფგარდის" და სხვა ცნობილი კომპანიების ფალსიფიცირებულ ნაწარმს დანაშაულებრივი ჯგუფი კუსტარულ საწარმოში ამზადებდა და საცალო ბაზარზე ასაღებდა. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების მწარმოებელი ბრენდების, FAIRY-ის, SAFEGUARD-ის, KROT-ის, Rakhsha-ს და სხვა არაერთი ცნობილი კომპანიის პროდუქციის ფალსიფიკაციას. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ბრენდების სახელდებაში ბრალდებულებს შეჰქონდათ უმნიშვნელო ცვლილებები და იდენტური შეფუთვითა და დიზაინით, საცალო ბაზარზე ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ სარეცხის ჟელეს, ავეჯის საწმენდებს, საპნებს და სხვა ფალსიფიცირებულ პროდუქციას. აღნიშნული დანაშაულით ბრალდებულები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ სასაქონლო ნიშნის მფლობელს", – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 


საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები