რეკლამა

პაატა რატიანი: თუ გერმანიაში მკურნალობა გადაწყვიტეთ

გერმანული ჯანდაცვის მთავარი პრინციპი სოლიდარობაა - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის. ყველა გერმანელს, მიუხედავად მათი სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობისა, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა აქვს. ყველა მოქალაქე შემოსავლების 15%-ს ჯანმრთელობის დაზღვევაზე ხარჯავს, ეს აკუმულირებული თანხა კი ყველა იმ მოქალაქის მკურნალობას აფინანსებს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს. სახელმწიფო ყველა იმ გერმანელს აფინანსებს, რომელიც უმუშევარი დარჩა - ეს თანხა კი სწორედ დასაქმებული მოქალაქეების გადასახადებისგან იკრიფება. კვლევები ადასტურებს, რომ ამ სისტემით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კმაყოფილია - ყველამ იცის, რომ პრობლემის შემთხვევაში დაზღვეულია და არც უმუშევრობა დატოვებს სამედიცინო მომსახურების გარეშე. თუ მათ სახელმწიფოს შემოთავაზებული სადაზღვევო პროგრამა არ მოსწონთ ან განსხვავებული დამატებითი სერვისი სჭირდებათ, ხარჯებს თავად ანაზღაურებენ. ამ ტიპის სოლიდარობის პრინციპმა, რომელიც უკვე მრავალი ათწლეულია გერმანიაში მუშაობს, გერმანელებს გარკვეული ფილოსოფია გამოუმუშავა, რომლის თანახმადაც თითოეული მოქალაქისათვის მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო მომსახურება იყოს ხარისხიანი, სწრაფი და ხელმისაწვდომი. სწორედ ასე უდგებიან ისინი უცხოეულ პაციენტებსაც.

სწორად რომ წარმოვიდგინოთ გერმანული მედიცინის ძალა და შესაძლებლობები, საკმარისია მისი წლიური ხარჯების გაგებაც - ყოველ წელს მედიცინაში დაახლოებით 300 მილიარდი ევრო იხარჯება. ამგვარი ფინანსირება სამედიცინო მომსახურების უმაღლეს ხარისხს მის ყველა კომპონენტში განაპირობებს. გერმანიაში ფუნქციონირებს 2000-ზე მეტი თანამედროვე კლინიკა და 1500 სარეაბილიტაციო ცენტრი. ათეულობით საუნივერსიტეტო კლინიკა კვლევების მეშვეობით მედიცინის შესაძლებლობების გაფართოებას ცდილობს. სამედიცინო სისტემაში ასობით ათასი გერმანელი მუშაობს - ისინი პაციენტებს როგორც კლინიკებში, ასევე კერძო პრაქსისებშიც იღებენ. ამიტომაა ხშირად გასაკვირი იმ ქართველი პაციენტების კითხვა, რომლებიც "კარგ სპეციალისტს" ეძებენ ან ვიღაცისგან გაგებულ კონკრეტული ექიმის გვარს იმეორებენ.

გერმანული კლინიკები საუნივერსიტეტო, კერძო და რაიონული სახით არსებობს.

საუნივერსიტეტო კლინიკები მხოლოდ საავადმყოფოები არაა. ეს სამეცნიერო ცენტრებია, სადაც ახალი ექიმები იზრდებიან. საუნივერსიტეტო კლინიკები იკვლევენ, იგონებენ და აახლებენ მედიცინის შესაძლებლობებს. სწორედ ამ დაწესებულებებშია ყველაზე მეტი საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერი  თავმოყრილი. აქ მკურნალობა უცხოელებისთვის ძვირია და საუნივერსიტეტო კლინიკებში მხოლოდ იშვიათად, რთულ პაციენტთა ქეისებით მიდიან.

რაიონული ან საქალაქო კლინიკები ხშირად წარმოადგენენ ე.წ. გაერთიანებებს, კლინიკათა ქსელებს და გვთავაზობენ სამედიცინო მომსახურებების ძალიან ფართო სპექტრს უმაღლესი მომსახურების ხარისხით. საუნივერსიტეტო კლინიკებისგან განსხვავებით, ისინი არ აწარმოებენ კვლევებს და მეტად კონცენტრირდებიან დაავადებათა მკურნალობაზე. ამიტომაც, თუ მაგალითად საქმე გვაქვს გეგმიურ ოპერაციასთან, უპირატესობა სწორედ ამგვარ კლინიკებს უნდა მივანიჭოთ. აქ მკურნალობა უფრო იაფი იქნება.

კერძო კლინიკები ან კერძო „პრაქსისები“ იქმნება ერთი ან რამდენიმე ექიმის მიერ. როგორც წესი, ისინი გამოცდილი სპეციალისტები არიან, რომლებმაც დიდი პრაქტიკა დააგროვეს საუნივერსიტეტო ან საქალაქო/რაიონულ კლინიკებში და გადაწყვიტეს დამოუკიდებელი ბიზნესის წამოწყება. ამგვარ კლინიკებში ხშირად სტაციონარი არაა, ან არის და მოკლევადიანი პერიოდისთვისაა გათვლილი. მათი უპირატესობა ძალიან მყუდრო და კომფორტული ატმოსფეროა. მათი უმრავლესობა ქალაქგარეთ ბუნებაშია, რათა ამით პაციენტისთვის უფრო სასიამოვნო იყოს კლინიკაში გატარებული დრო.

 რა სახის კლინიკა უნდა შევარჩიოთ კონკრეტული პაციენტისათვის, როდესაც გერმანიაში სამკურნალოდ წასვლას გადავწყვეტთ?

ეს მარტივი არაა. აუცილებელია ქეისის შესწავლა და პრიორიტეტების განსაზღვრა. სტანდარტულ შემთხვევებში ჩვეულებრივი საქალაქო/რაიონული კლინიკა საუკეთესო არჩევანია. რთული, გაურკვეველი დიაგნოზის მქონე პაციენტები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს შედეგებს საქართველოში, აჯობებს საუნივერსიტეტო კლინიკებში გავუშვათ. უბრალოდ გასინჯვები და კვლევები თავისუფლად შეიძლება კერძო კლინიკებშიც გავაკეთოთ. თუმცა, სასურველია, პაციენტებმა თავდაპირველად მოგვმართონ კონსულტაციაზე და მიიღონ პროფესიონალური მომსახურება სამედიცინო ტურიზმის კუთხით.
მიუხედავად კლინიკის ტიპისა, ყველა მათგანის მუშაობა, მომსახურების ხარისხი და ფასწარმოქმნა მკაცრად რეგულირდება გერმანიის ფედერალური მთავრობის კანონებით, ასევე იმ ფედერალური მიწის მიერ, რომელზეც კლინიკაა აშენებული. სწორედ ამაშია გერმანული ჯანდაცვის მთავარი უპირატესობაც. თითოეულს აქვს წვდომა იმ ინფორმაციასთან, თუ როგორ ყალიბდება ამა თუ იმ მომსახურების ფასი.
მარტივად ეს სქემა ასე გამოიყურება: არსებობს სტანდარტული კატალოგი დიაგნოზზე დამოკიდებული ჯგუფისა - ე.წ. DRG. კატალოგის მიხედვით, ყველა პაციენტს ეძლევა თავისი კოეფიციენტი. ეს კოეფიციენტი შემდგომ მრავლდება მკურნალობის ბაზისურ ღირებულებაზე ამ კონკრეტულ კლინიკაში. ბაზისურ მკურნალობის ფასს ადგენს ფედერალური მიწის მთავრობა, რასაც იგი მუდმივად ამოწმებს და აკონტროლებს კლინიკებში.
დაბოლოს, ორიოდ სიტყვით იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი თვითონ გერმანული კლინიკები.
პირველ რიგში - სანიმუშო სისუფთავე და წესრიგი! ყველა შენობაში არის ჰიგიენის და დეზინფექციის თანამედროვე სისტემები. ალაგებენ გაწერილი გრაფიკით. პალატები სასტუმროს ნომრებს მოგაგონებთ. ყველა მათგანი ძირითადად ორ ან სამადგილიანია. დამატებითი თანხის სანაცვლოდ, შესაძლებელია ერთადგილიან ნომერში მოთავსებაც. ყველა პალატა და საწოლი აღჭურვილია ტელეფონით და ტელევიზორით. არის ინტერნეტი. თითოეულ პალატას გააჩნია ტუალეტი და სააბაზანო. კვება ხორციელდება პალატაში, დადგენილი დიეტის შესაბამისად (აგარჩევინებენ წინასწარ მენიუდან). შემოვლა ტარდება განყოფილების ხელმძღვანელი პროფესორის მიერ ყოველდღიურად დილაობით. კვირაში ერთხელ შემოვლას ხელმძღვანელობს კლინიკის მთავარი ექიმი.

გერმანიაში სამკურნალოდ და გამოსაკვლევად წასვლა ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. 

კომენტარები