აშშ

ერნესტი: ჟურნალისტების მკვლელობა ადასტურებს იარაღზე კონტროლის აუცილებლობას

ლი ფლანაგანმა, რომელმაც პირდაპირი ჩართვის დროს ვიჯინიის ადგილობრივი ტელეარხის რეპორტიორი და ოპერატორი მოკლა, საკუთარი დანაშაული რასობრივი დისკრიმინაციის წინააღდეგ პროტესტით ახსნა. ეს მკვლელის წერილიდან გახდა ცნობილი, რომელიც მან ტელეარხ ეი ბი სი ნიუსს გაუგზავნა. თავად ფლანაგანი თავის მოკვლის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფლანაგანი იგივე ტელეარხის ყოფილი თანამშრომელია, სადაც მოკლული რეპორტიორები მუშაობდნენ. იგი წერდა, რომ არაერთხელ განუცდია დისკრიმინაცია იმის გამო, რომ შავკანიანი და გეია. ყოფილ თანამშრომლები კი 17 ივნისს ჩარლსტონში აფროამერიკულ ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის გამო შურისძიების მიზნით მოკლა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს დანაშაული კიდევ ერთხელ ადასტურებს იარაღზე მკაცრი კონტროლის აუცილებლობას. შესაბამისი კანონის მიღებას ობამას ადმინისტრაცია კონგრესის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს.

"პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კონგრესს შეუძლია გადადგას გონივრული ნაბიჯები, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენს სიტუაციაზე, რათა შემცირდეს ძალადობა იარაღის გამოყენებით. რასაკვირველია, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ კანონმორჩილი ამერიკელების საკონსტიტუციო უფლებები არ დაირღვეს" - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტიმ.

კოლორადოს შტატში კი სასამართლომ კიდევ ერთი მასობრივ მკვლელს, ჯეიმს ჰოლმსს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2012 წლის ივლისში მან კინოთეატრში, ბეტმენის პრემიერაზე 12 ადამიანი მოკლა. 70 ადამიანი კი დაშავდა. სიკვდილით დასჯას ჰოლმსმა თავი იმის წყალობით დააღწია, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტის ერთხმად გამოტანა ვერ შეძლეს.

კომენტარები