NATO-საქართველო

მოსკოვი: NATO-საქართველოს ცენტრის გახსნა ალიანსის პროვოკაციული ნაბიჯია

თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას შეფასებით, NATO-საქართველოს ერთობლივი სამხედრო-სასწავლო ცენტრის გახსნა NATO-ს "პროვოკაციული პოლიტიკის" გაგრძელებაა.  

"საქართველოში NATO-სთან ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ბაზაზე ჩატარდება წვრთნები და ტრენინგები ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. ეს არის ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებისთვის - პარტნიორი ქვეყნების რესურსების მოსაზიდად" - ამბობს ზახაროვა და აღნიშნავს, რომ საქართველოში ცენტრის განთავსება მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის დესტაბილიზაციის სერიოზული ფაქტორია. 

ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი დღეს გაიხსნა. 
ცენტრი ოფიციალურად NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს. ცერემონიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა. 

წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება უელსის სამიტზე მიღებული NATO-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული.

კომენტარები