ლევან გვაზავას საქმე

ადვოკატი: ოჯახს არ აქვს საფუძველი უნდობლობა გამოუცხადოს პროკურატურას

0 კომენტარი
დარეჯან გილაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე ლევან გვაზავას ოჯახს არ აქვს საფუძველი უნდობლობა გამოუცხადოს პროკურატურას. დარეჯან გილაშვილი ამბობს, რომ ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება.

"პროკურატურას ჰქონდა საკმარისი საფუძველი გაევრცელებინა ასეთი განცხადება. ამ ეტაპზე ოჯახს არ აქვს საფუძველი უნდობლობა გამოუცხადოს პროკურატურას. ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით გამოძიებას და ველოდებით მის შედეგებს. ბუნებრივია, საქმეზე დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზა. ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. როგორც ვიცით, ორი ძირითადი მოწმეა ამ საქმესთან დაკავშირებით და ჩემი ინფორმაციით, ორივე დაკითხულია" - განაცხადა დარეჯან გლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ლევან გვაზავასა და მის დეიდაშვილზე თავდასხმა გამორიცხა. უწყება შემთხვევის გარემოებებს აღწერს და ამბობს, რომ თბილისი-კოჯორის გზაზე ლევან გვაზავამ იარაღი უმიზეზოდ ამოიღო, თანამგზავრების თხოვნის შემდეგ შეინახა, თუმცა ცოტა ხანში მისი იარაღიდან გასროლა მოხდა, რასაც რევაზ კალომლეწავის სოცოცხლე ემსხვერპლა. ამის შემდეგ გვაზავამ თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა თავის არეში.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები