მედია

შავგულიძე: სიტყვის თავისუფლების კუთხით 2007 წელზე უფრო მძიმე ვითარება იქმნება

შალვა შავგულიძე
ambebi.ge

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2007 წელს. ასე ეხმაურება შავგულიძე ტელეკომპანია იმედის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერებასთან დაკავშირებით.

"შეიძლება ითქვას, რომ მედიის დამოუკიდებლობის - სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2007 წელს.

2007 წელს ტელეკომპანია "იმედი" არ დაემორჩილა რა ხელისუფლების სურვილს და მცდელობას გაეკონტროლებინა ამ მედიასაშუალების პროფესიული საქმიანობა, ხელისუფლება იძულებული გახდა სპეცრაზმებით შეჭრილიყო "იმედში" და ძალით გაეჩერებინა ტელევიზია. ხელისუფლების ამგვარ ძალადობას მოჰყვა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მყისიერი რეაგირება მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად, რაც მხარდაჭერილი იქნა საერთაშორისო დონეზეც. შესაბამისად, მაშინდელმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა სიტყვის თავისუფლების ხელყოფისათვის.

დღეს კი, როგორც ვხედავთ, ხელისუფლების კონტროლი მედიაზე ჩვენს ქვეყანაში, მედიამფლობელების თვითკონტროლის ხარისხშია აყვანილი - ტელეკომპანია თავად აცხადებს უარს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე და ეს ხდება წინასაარჩევნო წლის დასაწყისში, მაშინ როდესაც ტელეკომპანიის რეიტინგის გაზრდა, რისკენაც ბუნებრივად უნდა ისწრაფვოდეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, სწორედ ამ სახის გადაცემებზეა დამოკიდებული" - აცხადებს შავგულიძე.

დეპუტატი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. შალვა შავგულიძეს იმედი აქვს, რომ ტელეკომპანიის მეპატრონეები შეცვლიან პოზიციას.

"დემოკრატიის განვითარება ჩვენს ქვეყანაში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რამდენადაც ხდება დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს ისეთი ფუნდამენტური ღირებულების ხელყოფა, როგორსაც მედიის დამოუკიდებლობა - სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს.

იმედი მაქვს, ტელეკომპანია „იმედის“ მეპტრონეები სათანადოდ შეაფასებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მაუწყებლობის ფართო არეალის მქონე, პოპულარულ ტელეკომპანიას აკისრია ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, შეცვლიან გამოცხადებულ პოზიციას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რაც ზიანს მიაყენებს როგორც თავად ტელეკომპანიის რეიტინგს, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას. ჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს სჭირდება რაც შეიძლება მეტი სივრცე განსხვავებული პოზიციების გამოსახატავად, რასაც სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის და ძალზედ სამწუხარო იქნება, თუ ტელეკომპანია "იმედი" გამოაკლდება ასეთ მედიასაშუალებათა ისედაც მცირერიცხოვან ჩამონათვალს ჩვენს ქვეყანაში" - აღნიშნულია შალვა შავგულიძი განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია იმედის ეთერში სექტემბრიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები აღარ გავა, მათ შორის "რეაქცია" და "იმედი კვირა". სპეციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ ეს დროებითია და 2016 წლიდან ტელეკომპანია მაყურებელს "თვისობრივად ახალ სატელევიზიო პროდუქტს" შესთავაზებს.

კომენტარები