მედია

ჩაფიძე: არ შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირო

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ტელეკომპანია იმედზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერებაში ხელისუფლების ჩარევას არ ადასტურებს. მისი თქმით, ასეთი ბრალდება ღიმილის მომგვრელია და შესაძლოა პარანოიის ნიშნებს შეცავდეს.

"უბრალოდ ღიმილის მომგვრელია ასეთი ბრალდება. არ შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფერი, მათ შორის სრულიად სხვა მესაკუთრის საკუთრებაში არსებული სარედაქციო გადაწყვეტილება დაუკავშირო ბიძინა ივანიშვილს. ეს, ვფიქრობ, შესაძლოა პარანოიის ნიშნებს შეიცავდეს. მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე ტიპის შევიწროვება შეიძლებოდა ამ შემთხვევაში ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვქონდა ამ ადამიანებთან. ძალიან ბევრი თოქ-შოუ გადის დღეს ეთერში, მე იმედი მაქვს რომ იმედსაც ექნება ანალოგიური თოქ-შოუები, გაცილებით საინტერესო, მწვავე, ანალიტიკური ინფორმაციით დატვირთული" - განაცხადა ჩაფიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია იმედის ეთერში სექტემბრიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები აღარ გავა, მათ შორის "რეაქცია" და "იმედი კვირა". სპეციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ ეს დროებითია და 2016 წლიდან ტელეკომპანია მაყურებელს "თვისობრივად ახალ სატელევიზიო პროდუქტს" შესთავაზებს.

კომენტარები