პროტესტი დელფინარიუმთან

ბათუმის დელფინარიუმში მოქალაქეთა ჯგუფი დელფინების გათავისუფლებას ითხოვდა

ბათუმი ღამით
ირმა ლაღაძე / Flickr

დღეს ბათუმის დელფინარიუმში რამდენიმე ადამიანი შეიჭრა, რომლებიც დელფინების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. შპს ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ადამიანებმა დაარღვიეს სპეციალური კორდონი და სამუშაო პროცესს ხელი შეუშალეს, დელფინარიუმის დაცვის წევრების საპასუხო რეაქციას კი აგრესიითა და ცრემლსადენი გაზით უპასუხეს. 

"დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი. 
დაფიქსირდა ვანდალური ფაქტი, რომელიც აღემატება ყოველგვარ ზღვარს ორგანიზაციული, საზოგადოებრივი თუ სხვა მსგავსი ქმედებისა. აღნიშნული ქმედება მოკლებულია მოქალაქეობრივ ეთიკას თუ თვითშეგნებას", - ნათქვამია განცხადებაშ. 

ცხოველთა დაცვის ფედერაციაში კი ამბობენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის 10 წარმომადგენელი ცხოველთა უფლებების დარღვევას აპროტესტებდა, რა დროსაც დელფინარიუმის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"ჩვენ ვაპროტესტებდით ცხოველების გამოყენებას ექსპლუატაციის მიზნით. იცით, რომ ხდება ცხოველის დატყვევება მისთვის უჩვეულო გარემოში. თავდაცვის მიზნით ჩვენს აქტივისტს ჰქონდა წიწაკის შემცველი ნივთიერება. როცა დაცვის თანამშრომლები სცემდნენ ცხოველთა დამცველს, მან თავდაცვის მიზნით გამოიყენა ეს საშუალება და მოიგერია ის პირი, ვინც მას სცემდა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების 10 წარმომადგენელი, მათ შორის, ბელორუსის, თურქეთის, რუსეთის, ირანის ცხოველთა უფლებების დამცველები ვიყავით მისული ლოზუნგებით "თავისუფლება ცხოველებს", "ჩვენი განწყობა - მათი წამება". დაცვამ გვცემა, შემდეგ პოლიცია მოვიდა და ახლა განყოფილებაში მიმდინარეობს დაკითხვა", - აღნიშნეს ცხოველთა დაცვის ფედერაციაში. 

კომენტარები