მედია

MDF: ტელეკომპანია იმედის გადაწყვეტილებას მეტი სიცხადე სჭირდება

მედიის განვითარების ფონდის შეფასებით, ტელეკომპანია იმედზე პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერების გადაწყვეტილება მეტ დასაბუთებას და ახსნას საჭიროებს, ვიდრე ტელეკომპანიის მენეჯმენტის მიერ გაკეთებული განცხადებაა. MDF აღნიშნავს, რომ იმედის გადაწყვეტილება ბადებს საფუძვლიან ეჭვებს, რამდენად არის პროცესი თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. მედიის განვითარების ფონდი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია იმედი მეტ სიცხადეს შეიტანს თავის გადაწყვეტილებაში, საზოგადოებას აუხსნის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური თოქ-შოუს დახურვის მიზეზებს.  

"მოახლოებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულ მედიაში განვითარებული მოვლენები პლურალისტული გარემოს შენარჩუნების საკითხს უკავშირდება და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაციის შემდეგ, რაც თავად ტელეკოპანიის მენეჯმენტის მხრიდან ხელისუფლების ზეწოლად ფასდება,  მეორე დიდ ნაციონალურ არხზე  - „იმედზე" პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერების გადაწყვეტილება, ბადებს საფუძვლიან ეჭვებს, რამდენად არის თავისუფალი ეს პროცესი პოლიტიკური გავლენებისგან.

29 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედმა" გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, რედაქცია საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუებს დროებით აჩერებდა და განახლებულ ფორმატს მაყურებელს მხოლოდ 2016 წელს შესთავაზებდა. თავად გადაცემის წამყვანი ინგა გრიგოლია, რომელმაც თოქ-შოუების დახურვის შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო, ამ ნაბიჯს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

მედიის განვითარების ფონდი მიიჩნევს, რომ საერთო ნაციონალურ არხებზე დამკვიდრებული საზოგადოებრივი პოლიტიკური გადაცემები, ისევე როგორც მათთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. ამასთანავე ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მეტ დასაბუთებას და ახსნას საჭიროებს, ვიდრე ის მწირი ინფორმაცია, რომელიც ტელეკომპანია იმედის მენეჯმენტმა თოქ-შოუების დახურვასთან დაკავშირებით გააკეთა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელეკომპანია იმედი მეტ სიცხადეს შეიტანს თავის გადაწყვეტილებაში, საზოგადოებას აუხსნის ახალი სატელევიზიო სეზონის და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური თოქ-შოუს დახურვის მიზეზებს და თავის სამომავლო გეგმებს გააცნობს" - ნათქვამია MDF-ის განცხადებაში.

კომენტარები