ენერგეტიკა

ნენსკრა ჰესის $1 მილიარდიანი პროექტის მშენებლობა იწყება

საპარტნიორო ფონდი

ნენსკრის 280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. სვანეთში 2019 წლამდე $1 მილიარდის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. ნენსკრა ჰესის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტის ხელმოწერის ცერემონიას დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. იტალიური კომპანია SALINI IMPREGILO მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. 

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, პროექტის კონტრაქტორი კომპანია არის იტალიური სამშენებლო კორპორაცია SALINI IMPREGILO, რომელიც უშუალოდ მშენებლობის პროცესს განახორციელებს. ახალი ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

"ჰესი ისეა დაპროექტებული, რომ უზრუნველყოს ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობას და ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ჰესი მისი ექსპლუატაციის პირველი 35 წლის მანძილზე კერძო საკუთრება იქნება, რის შემდეგაც ინვესტორმა კომპანიამ ის სახელმწიფოს უნდა გადასცეს. პრემიერის შეფასებით, მართვის ამგვარი სისტემა ქვეყანაში მნიშვნელოვან ახალ მოდელს წარმოადგენს. 

პროექტის ჯამური ღირებულება $1 მილიარდია, მის დაფინანსებაში მონაწილეობას EBRD, აზიის განვითარების ბანკი ADB და კორეის ექსიმ ბანკი მიიღებენ. 

Salini Impregilo-ს პორტფელში შედის 240-მდე ჰიდროელექტროსადგური, კომპანიას მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. რამდენიმე კვირის წინ Salini Impregilo-მ ხელი მოაწერა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კატარში ცენტრალური სტადიონის მშენებლობის ხელშეკრულებას. 

კორეული კორპორაცია K water ფლობს $20 მილიარდის ღირებულების ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა $2 მილიარდს შეადგენს. კორეის გარდა, კორპორაცია პროექტებს სხვა ქვეყნებშიც ახორციელებს.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი კი საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დააარსა, სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%-ს. მისი აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა და, ნაწილობრივ, თელასის აქციებს. 

კომენტარები