ტელეკომპანია იმედი

TI: იმედის ხელმძღვანელობა სათანადოდ ვერ განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადება სათანადოდ ვერ განმარტავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შეჩერების მიზეზებსა და მოტივებს. TI-ის შეფასებით, ასევე ბუნდოვანია, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება გადაცემების ფორმატის ცვლილებაში და რა სახით დაბრუნდება გადაცემები 2016 წლიდან. ორგანიზაციის აზრით, მნიშვნელოვანია, არხის ხელმძღვანელობამ განმარტოს, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება მაშინ, როცა სატელევიზიო სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აღნიშნავს, რომ გადაცემების მოულოდნელად დახურვა განსაკუთრებით საეჭვოა მაშინ, როდესაც რეაქციისა და იმედის კვირის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ და მისმა კოლეგამ, იმედის კვირის თანაწამყვანმა ეკა ხოფერიამ ერთხელ უკვე დაადანაშაულეს მმართველი პოლიტიკური გუნდი გადაცემის სარედაქციო გუნდზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაში.

"29 აგვისტოს ტელეკომპანია იმედმა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დროებით შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაცემები რეაქცია და იმედის კვირა ახალი სეზონიდან იმედზე აღარ გავა. ტელეარხის ოფიციალური განცხადების მიხედვით, არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ფორმატის ცვლილება იგეგმება, ახალ პროდუქტს კი მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებენ. დამატებითი განმარტებები არხის ხელმძღვანელობას საჯაროდ არ გაუკეთებია.

„რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ და გადაცემების პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა გადაცემების დახურვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასეს. გრიგოლიას თქმით, ორივე გადაცემას მაღალი რეიტინგი ჰქონდა და მათი დახურვის რაიმე კონკრეტული მიზეზი არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლებს გადაცემების დახურვის შესახებ „იმედის“ განცხადების გავრცელებამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ტელეკომპანია „იმედი“, როგორც კერძო კომპანია, სრულიად თავისუფალია არხის საქმიანობის, მისი საკადრო თუ საინფორმაციო პოლიტიკის დაგეგმვისას. თუმცა, როგორც საერთო ეროვნული მაუწყებელი, ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ არხის ხელმძღვანელობამ დროულად უნდა განმარტოს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები და მოტივები.

მსხვილი ტელემაუწყებლების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვხედავთ რა პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესებს სხვადასხვა მედიასაშუალებებთან მიმართებაში. ამის ნათელი მაგალითია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. წინასაარჩევნოდ თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნება საზოგადოების საუკეთესო ინტერესებშია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

მიგვაჩნია, რომ არხის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადება სათანადოდ ვერ განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზებსა და მოტივებს. ბუნდოვანია, ასევე, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება გადაცემების ფორმატის ცვლილებაში და რა სახით დაბრუნდება გადაცემები 2016 წლიდან. მნიშვნელოვანია, არხის ხელმძღვანელობამ განმარტოს, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება მაშინ, როცა სატელევიზიო სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ თანამშრომლები ინფორმირებულები არ იყვნენ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები არ ყოფილა. მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ასეთი ფორმით მიღება და საჯაროდ გავრცელება საზოგადოების თვალში ჩრდილს აყენებს არხზე მომუშავე ჟურნალისტებისა და შემოქმედებითი ჯგუფის დამოუკიდებლობას. სწორედ ამ ბუნდოვანებისა და პასუხგაუცემელი შეკითხვების გამო, არხის პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ეჭვები ჩნდება.

გადაცემების მოულოდნელად დახურვა განსაკუთრებით საეჭვოა მაშინ, როდესაც რეაქციისა და „იმედის კვირის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ და მისმა კოლეგამ, „იმედის კვირის“ თანაწამყვანმა ეკა ხოფერიამ ერთხელ უკვე დაადანაშაულეს მმართველი პოლიტიკური გუნდი გადაცემის სარედაქციო გუნდზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაში. 2015 წლის 20 მარტს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს, არ გაეშუქებინათ რეაქციაში 21 მარტს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის თემა. იმავე კვირას, იმედის კვირაში წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ „ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური იმედი. მაშინ ჟურნალისტების ამ პოზიციას კატეგორიულად გაემიჯნა არხის მენეჯმენტი და „იმედზე“ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლა ოფიციალურად უარყო", - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

კომენტარები