ტურიზმი

2015 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების რიცხვი 0.7%-ით შემცირდა

გიგანტური ველოსიპედი თბილისის ცენტრში
REUTERS

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში შემოსული პირების რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს რჩება, 2014 წელთან შედარებით 0.7%-ით არის შემცირებული და 1.57 მილიონს შეადგენს. 2015 წლის იანვარ-აგვისტოს მანძილზე კი, მთლიანად საქართველოში დაფიქსირებული ვიზიტების რაოდენობა 3.9 მილიონს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 6.1%-ით აღემატება. ქვეყნის ეკონომიკაზე რეალური გავლენა ძირითადად იმ ვიზიტორებს აქვთ, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს რჩებიან, რადგანაც მათ ქვეყანაში დასარჩენად სასტუმროებისა და მომსახურების სფეროს სხვა დაწესებულებების გამოყენება უწევთ.

2015 წლის ზაფხულის სეზონზე საერთშორისო მოგზაურების რიცხვი, ვინც საქართველოს სატრანზიტო მიზნებისთვის იყენებს, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. ტურისტების, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე 24 საათზე მეტი ხნით მყოფთა რაოდენობამ ზაფხულის სეზონზე 916 ათასი შეადგინა, რაც 2014 წლის მონაცემებს 2.4%-ით აღემატება. 

საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. სომხეთი - 943 ათასი ვიზიტორი 
  2. აზერბაიჯანი - 931 ათასი ვიზიტორი
  3. თურქეთი - 926 ათასი ვიზიტორი
  4. რუსეთი - 642 ათასი ვიზიტორი
  5. უკრაინა - 94 ათასი ვიზიტორი

ტურიზმი გასული წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ზრდით გამოირჩეოდა: 2011 წელს იანვარ-აგვისტოს პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა 42% იყო, 2012 წელს 57%-ს მიაღწია, 2013 წელს ვიზიტორთა ნაკადი 27%-ით გაიზარდა. 2014 წელს ზრდა რვაჯერ შემცირდა და 3.2% შეადგინა, 2015 წელს კი მაჩვენებელი 6%-მდე გაიზარდა.

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 7% მოდის. ამასთანავე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რის გამოც ტურიზმი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ტურიზმში არსებული დაბალი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მხრიდან ახალი სავიზო რეგულაციების დაწესებაა, რის გამოც მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაურთულდათ. მათ შორის არის ირანი, საიდანაც გასული წლის იანვარ-აგვისტოში 44 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, წელს კი ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 65%-ით შემცირდა და 15 ათასს შეადგენს. 

კომენტარები