UEFA-ს სუპერთასი

IDFI: რვა საჯარო უწყებამ სუპერთასის 710 ბილეთი რიგში დგომის გარეშე იყიდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, რვა საჯარო უწყებამ UEFA-ს სუპერთასის ბილეთები რიგში დგომის გარეშე იყიდა. IDFI-ის ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციამ პარლამენტს, თბილისის მერიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის და კულტურის სამინისტროებს შესასყიდად სულ 710 ბილეთი გადასცა. ამასთან, ფინანსთა, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს პასუხი IDFI-ს კითხვებზე დღემდე არ მიუწოდებიათ.

კვლევის ფარგლებში IDFI-მ ოც საჯარო დაწესებულებას (საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, 16 სამინისტრო, თბილისის მერია) მიმართა შემდეგი მოთხოვნებით: 1. 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების და მოსაწვევების გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული მიმოწერის ასლები. 2. უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებად გადმოცემული ბილეთების და მოსაწვევების (ცალ-ცალკე) რაოდენობა კატეგორიების მიხედვით. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პასუხი მიიღო 17 უწყების შემთხვევაში.

"სამწუხაროდ, ფინანსთა, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე დღემდე არ მოუწოდებია. როგორც დანარჩენი უწყებებიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რვა საჯარო დაწესებულების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმოწერას, რომლის მიხედვით დაწესებულებები ითხოვდნენ დახმარების გაწევას მათი თანამშრომლებისათვის (თანამშრომლების საკუთარი სახსრებით) უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენაში. აღნიშნულ რვა უწყებას ფეხბურთის ფედერაციის მიერ შესასყიდად სულ გადაეცათ 710 ბილეთი, საიდანაც ყველაზე მეტი გამოეყოთ ქალაქ თბილისის მერიას და საქართველოს პარლამენტს", - აცხადებს IDFI.

უფრო დეტალურად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, თბილისის მერიას შესასყიდად გადაეცა - 240 ბილეთი, საქართველოს პარლამენტს - 200 ბილეთი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას - 50 ბილეთი, იუსტიციის სამინისტროს - 50 ბილეთი, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 50 ბილეთი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 50 ბილეთი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 50 ბილეთი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს - 20 ბილეთი.

ანგარიშის თანახმად, მაღალი თანამდებობის პირები შუამდგომლობდნენ ფეხბურთის ფედერაციასთან მათ უწყებაში დასაქმებული თანამშრომლებისათვის ბილეთების გამოყოფასთან დაკავშირებით; საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლებისათვის გამოყოფილ ბილეთებს ყიდულობდნენ თანამშრომლები საკუთარი სახსრებით; ბილეთების გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, თანამდებობის პირები მაინც ცდილობდნენ მაქსიმალურად გაეზარდათ უწყებებისთვის გამოყოფილი ბილეთების რაოდენობა.

"როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ჩანს, თანამდებობის პირების მიერ ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით ბილეთების მიღების მთავარ ფაქტორად, აღნიშნულ მატჩზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ბილეთების გაყიდვასთან წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემები სახელდება. ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე, წარმოადგენს გამონაკლისს, ვინც სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უარი თქვა მის უწყებაში დასაქმებულ თანამშრომლებზე უკვე გამოყოფილი ბილეთების შესყიდვაზე. ფეხბურთის ფედერაციის მიერ საჯარო დაწესებულებებში VIP მოსაწვევების გამოყოფა განხორციელდა გაურკვეველი პრინციპით. მაგალითად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა 4 VIP მოსაწვევი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 7 VIP მოსაწვევი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ეთქვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე აღნიშნული მოსაწვევების გადაცემაზე.

კვლევაში წარმოდგენილი 17 საჯარო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემები ბადებს კითხვებს 2015 წლის 11 აგვისტოს ქალაქ თბილისში ჩატარებული უეფას სუპერთასის მატჩზე მოქალაქეებისთვის ბილეთების შეძენის თანაბარი და სამართლიანი პირობების შექმნასთან დაკავშირებით. როგორც კვლევაში გამოჩნდა საჯარო დაწესებულებში დასაქმებულ 710 თანამშრომელს მიეცა საშუალება ბილეთები შეესყიდათ დაბრკოლებების გვერდის ავლით, კერძოდ მათ აღარ მოუწიათ ვაკის პარკში ბილეთების გაყიდვის რთულ პროცესში მონაწილეობის მიღება.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კვლევა წარმოდგენილია მხოლოდ 17 საჯარო დაწესებულების მაგალითზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბილეთების შეძენის გამოცხადებული წესების გვერდის ავლით გაცილებით დიდი რაოდენობით ბილეთი გაიყიდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომლებზე, ვიდრე ეს წინამდებარე კვლევაში იქნა ჩვენს მიერ წარმოდგენილი", - აცხადებს IDFI და აღნიშნავს, რომ ბილეთების შეძენის მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერების პრინციპს.

"არავის აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი სამსახურეობრივი მდგომარეობა რაიმე სახის პირადი სარგებლის თუ უპირატესი მდგომარეობის მოპოვების მიზნით", - ნათქვამია კვლევაში.

კომენტარები