ეროვნული ბანკი

უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დღეს შეეცდება

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დღეს შეეცდება. კენჭისყრა გუშინ ვერ მოესწრო. სხდომა 14:00 საათზე განახლდება.

გუშინდელ სესიაზე კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა  გააცნო. გიორგი აბაშიშვილის თქმით, მოტივირებული შენიშვნების მიზანი ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესება იყო. მან დეპუტატებს განუმარტა, რომ მთავრობის მიერ მაგალითად მოყვანილი პოლონური მოდელი, ევროპის ცენტრალური ბანკის  შეფასებით, დაუცველია პოლიტიკური ზეწოლისგან. აბაშიშვილმა ახალი უწყებიდან საბანკო საიდუმლოების გაჟონვის რისკებზეც ისაუბრა.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს, პრეზიდენტმა ვეტო 31 ივლისს დაადო. მმართველმა გუნდმა მაშინვე დაანონსა, რომ ის ვეტოს დაძლევას აპირებდა.

2009 წლამდე საქართველოში საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკისგან გაყოფილი იყო. ამ ორი უწყების გაერთიანების შემდეგ,  საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ოპოზიციის შეფასებით კანონპროექტი ამ მუხლის მოთხოვნას არღვევს, ამიტომაც მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.  

კომენტარები