ღვინის ექსპორტი

ქართული ღვინის ექსპორტი 46%-ით შემცირდა

schuchmann-wines.com

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს  პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19.8 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 46%-ით ნაკლებია. ექსპორტის შემცირება ქართული ღვინის უმსხვილეს ბაზრებზე რუსეთსა და უკრაინაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირედა, რის გამოც ამ ქვეყნებში ღვინის გადატვირთვები 60%-ით შემცირდა.  

ღვინის ექსპორტის მიხედვით პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 10 111 948 ბოთლი
  2. ყაზახეთი -2 936 256 ბოთლი
  3. უკრაინა - 1 739 438 ბოთლი
  4. ჩინეთი - 1 185 821 ბოთლი
  5. პოლონეთი -1 020 394 ბოთლი

კლების მიუხედავად, ზოგიერთ ბაზარზე ექსპორტის ზრდაც შეიმჩნევა, ასეთებია: ყაზახეთი +2% (2 936 256 ბოთლი), ჩინეთი +60% (1 185 821 ბოთლი), პოლონეთი +1% (1 020 394 ბოთლი), ლატვია +2% (709 602 ბოთლი), ლიტვა +1% (363 000 ბოთლი). ჩინეთში ღვინის სმის კულტურა ჯერჯერობით ახალია და ადგილობრივ მომხმარებელს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე ქვეყნის ღვინის მიმართ ლოიალობა - ეს ქართულ ღვინოს პერსპექტივებს აძლევს, რაც ექსპორტის მაღალ ზრდაშიც გამოიხატება. თუმცა ჯერჯერობით ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, ეკონომიკური კრიზისის გამო კი რუსეთში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია.  

ექსპორტის მთლიან რაოდენობაში ადგილწარმოშობის ღვინოების მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: "ქინძმარაული“ (წითელი ნახევრადტკბილი) – 2 398 077 ბოთლი, "მუკუზანი“ 779 324 (წითელი მშრალი), "წინანდალი“ (თეთრი მშრალი) – 542 858, "ახაშენი“ (წითელი ნახევრადტკბილი) და "ხვანჭკარა“ (წითელი ნახევრადტკბილი) – 199 710. საქართველოში მოყვანილი ყურძნის ჯიშების ძირითადი ნაწილი თეთრია, ექსპორტზე კი უმეტესწილად წითელი ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები გადის. 

ამავე პერიოდში 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3.7 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, ასევე 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 70 000 ბოთლი (0,5 ლ) ბოთლი ჭაჭა.

კომენტარები