საერთაშორისო კონფერენცია

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, სახელწოდებით - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში". კონფერენციას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი. ასევე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, აშშ-ის ევროპის არმიის სარდალი ბენ ჰოდჯესი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეს პილდეგოვიჩი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ევროკავშირის ყოფილი კომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი ლატვიაში იან ბონდი, იტალიის პრეზიდენტის ყოფილი საერთაშორისო მრჩეველი სტეფანო სტეფანინი, აშშ-ს ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ლილია შევცოვა და სხვები.

ორდღიან კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ.

"ამ კონფერენციის ამოცანაა ევროპაში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში საქართველოს სწორად პოზიცირება. იმ სტრატეგიული მიმართულებებით, რაც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ეკონომიკას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებების, მთლიანად სახელმწიფოს მშენებლობას. შესაბამისად, ჩვენ მოწვეული გვყავს სტუმრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან. ის ადამიანები, რომლებიც სხვადასახვა ფორმით, სხვადასხვა ორგანიზაციებში ჩართული არიან საქართველოსთან, ჩვენ რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე", - თქვა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ.

კომენტარები