სამომხმაერებლო ბაზარი

პურის ეტიკეტირება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

seriouseats.com

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ კვირის პალიტრასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პურის რეგლამენტზე მუშაობა უკვე დაასრულა. მინისტრის შეფასებით, ბაზარზე არსებული პურის ხარისხთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს და ქართული პურის დაბალი ხარისხი ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმაც შეამჩნია: "ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩვენი პური რომ ნახა, გაოცდა: ეს რა არის, რას ჭამთო?" 

ოთარ დანელიას შეფასებით, პურის რეგლამენტმა ამ პროდუქტის ფასის ზრდა არ უნდა გამოიწვიოს, რადგანაც წელს ქართული ხორბლის უხვი მოსავალი მოვიდა, თუმცა აქვე ამბობს, რომ ქართული ხორბალი პურისთვის გამოუსადეგარია, რადგანაც გლეხებმა ხორბლის ჯიშები არასწორად შეარჩიეს. 

"ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი პური, ხოლო პურის შიგთავსი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას. არსებობს სტანდარტი, რომლის თანახმადაც, კონკრეტული წარმადობის პირობებში, მეწარმემ განსაზღვრული რაოდენობის პური უნდა გამოაცხოს. ახლა კი მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან რაც შეიძლება მეტი პურის წარმოებაში. ამ სფეროში კონკურენციის არაჯანსაღი პირობებია: ვიღაც საღებავს ამატებს პურს, ვიღაც რაღაც ახალ ტექნოლოგიას იგონებს, ვიღაც კი საფუარში რაღაცას ურევს. რა თქმა უნდა, ვიცით, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პურის ტექნიკური რეგლამენტის შემოღება. ამიტომაც გვინდა, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მაგრამ მოვთხოვოთ ხარისხიანი პურის წარმოებაც. რაც შეეხება ფქვილის რეგლამენტს, ის გულისხმობს ეტიკეტირების წესის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესის დაცვას, რათა ეს პროდუქტი იყოს უვნებელი და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს შიგთავსს", - ამბობს ოთარ დანელია.

ოთარ დანელიას შეფასებით, პურის რეგლამენტს გაცილებით უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება, ვიდრე ეს რძის რეგლამენტის შემთხვევაში იყო, როდესაც რძის რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისი პროდუქცია დახლებზე დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდა.

კომენტარები