დაკავება

შსს-მ პოლიციელების განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის 22 აგვისტოდან ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული რამინ ფ. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული, რომელიც მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ფონიჭალაში "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით მოძრაობდა, არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას შეჩერებულიყო, გაუწია წინააღმდეგობა და პოლიციელების სამსახურებრივ ავტომანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც ცივი იარაღით ორ პოლიციელს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიმალვა შეძლო. სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომელსაც ბრალდებული მართავდა, 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 111 გრამი ჰეროინია.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით).

კომენტარები