რუსეთი სირიაში

ლავროვი: სირიისთვის სამხედრო ტექნიკის მოწოდების ფაქტები არასდროს დაგვიმალავს

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

რუსეთს სირიისთვის სამხედრო ტექნიკის მოწოდების ფაქტები არასდროს დაუმალავს. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ კოლეგას სატელეფონო საუბარში განუცხადა.

ჯონ კერი სირიაში, ასადის რეჟიმის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში რუსი სამხედროების მონაწილეობის შესახებ ცნობებმა შეაშფოთა. ლავროვის თქმით, მოსკოვი დამასკოს სამხედრო ტექნიკას ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით აწვდის.

რამდენიმე დღის წინ სირიის სამხედრო უწყებამ ქალაქ ლატაკიაში ბრძოლის ამსახველი კადრები გაავრცელა. მასზე უახლესი რუსული ჯავშანტრანსპორტიორი ბტრ-82 ა არის დაფიქსირებული, რომელიც რუსეთს აქამდე არცერთი ქვეყნისთვის არ მიუწოდებია. გარდა ამისა, ინფორმაციამ რუსი სამხედროების სირიაში ყოფნის შესახებ სხვადასხვა მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჟონა. თუმცა მოსკოვი საკუთარი სამხედროების სირიაში ყოფნას უარყოფს. 

კომენტარები