კრიმინალი

ადვოკატ რობინზონ ხურცილავას დაყაჩაღებისთვის შსს-მ ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ადვოკატ რობინზონ ხურცილავას ოჯახის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი: 1993 წელს დაბადებული რუბენ ჯ, 1988 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1993 წელს დაბადებული დიდიმი ა. და 1993 წელს დაბადებული ლადო ა. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში რობიზონ ხურცილავას ოჯახს თავს დაესხნენ და ხურცილავას სცემეს. ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს სამკაულები და ფოლკსვაგენის მარკის ავტომანქანა.

"პოლიციამ ავტომანქანა იმავე დღეს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში იპოვა. სამართალდამცველებმა ოთხივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, ქუთაისსა და ზესტაფონში დააკავეს, ხოლო ხურცილავას ოჯახიდან წაღებული სამკაულები ქუთაისში, სხვადასხვა ლომბარდიდან და დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი 3 საბრძოლო ვაზნით და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ნარკოლოგიური შემოწმებით დიდიმი ა-ს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის, ხოლო გურამ ა-ს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა", - აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ადვოკატ რობინზონ ხურცილავას ოჯახის დაყაჩაღებაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა. მან ხელისუფლებას სთხოვა, მომხდარი ფაქტი პირად კონტოლზე აეყვანა. ბობოხიძის შეფასებით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება ხელისუფლების ღირსების საკითხია.

"ეს არის ის ადვოკატი, რომელმაც ყველა სარჩელი მოუგო ხონის რაიონის გამგეობას, უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არის ადვოკატი, რომელიც საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა პირველ ოქტომბერს მის მიერ გაკეთებულ არჩევანთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვთხოვ ხელისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აიყვანოს ეს საქმე. მით უფრო, რომ მსგავსი ტიპის სისასტიკით ჩადენილი დანაშაული არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. მიმაჩნია, რომ ეს არის თქვენი ხელისუფლებისათვის ღირსების საკითხი", - თქვა ბობოხიძემ 2 სექტემბრის სხდომაზე.

კომენტარები