მიგრანტები ევროპაში

გერმანია მზადაა, წელიწადში 500 ათასამდე ლტოლვილი მიიღოს

BBC News

გერმანიას რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველწლიურად 500 000 თავშესაფრის მაძიებლის მიღება შეუძლია, ამის შესახებ ქვეყნის ვიცეკანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა. მის თქმით, გერმანიას ამ სიტუაციასთან გამკლავება შეუძლია, მაგრამ დევნილები ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ. მანამდე გერმანიის კანცლერი აცხადებდა, რომ წელს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს - 800 ათასს მიაღწევს. 

ლტოლვილების მიღებას დიდი ბრიტანეთიც აპირებს. უახლოეს ხუთ წელიწადში ლონდონი 20 ათას ადამიანს მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტში დებატებისას პრემიერმა დავიდ კამერონმა განაცხადა. თუმცა, ბრიტანეთი არა ევროპაში შემოსულ მიგრანტებს, არამედ სირიის მეზობელ ქვეყნებში მყოფ სირიელებს შეიფარებს.

"რადგანაც დიდი ბრიტანეთი არ არის შენგენის შეთანხმების წევრი და არც განსახლების საერთო პოლიტიკაში მონაწილეობს, მას საკუთარი მიდგომის შემუშავება შეუძლია. ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ ლტოლვილები დევნილთა ბანაკებიდან, რომლებიც თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში მდებარეობს. ამით ჩვენ ლტოლვილების ბრიტანეთში უფრო უსაფრთხო ჩამოსვლას უზრუნველვყოფთ", - თქვა კამერონმა.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ დანია მიგრანტების მიმართ საერთო-ევროპულ პოლიტიკას არ შეუერთდება და მხარს არ დაუჭერს მიგრანტების კვოტებით სხვადასხვა ქვეყნებში განაწილებას. ქვეყანა საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას აპირებს.

საბერძნეთის ხელისუფლებამ გაეროს მიმართა დახმარებისთვის კუნძულ ლესბოსზე მყოფი 25 ათასი მიგრანტის სანაპიროზე გადასაყვანად. ქვეყნის მიგრაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ლესბოსი კატასტროფის წინაშეა, კუნძულზე მიგრანტების ჩამოსვლა გრძელდება, საიმიგრაციო სამსახური მუშაობის სადღეღამისო რეჟიმზე გადავიდა. 

უნგრეთისა და სერბეთის საზღვარზე კი, ასობით მიგრანტმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ბუდაპეშტისკენ გაემართა. მიგრანტების ნაწილი ასევე როჟკეს ლტოლვილთა ბანაკიდან გაიქცა. დევნილები და მიგრანტები გერმანიაში ჩასვლას ცდილობენ. მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის გამო თანამდებობა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა დატოვა. წელს ევროკავშირში 340 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.

კომენტარები