მედია

სესიაშვილი: ხელისუფლებას აქვს უფლება რეკლამა განათავსოს ნებისმიერ მედიაში

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება და იმის უფლება, რომ რეკლამა განათავსოს ნებისმიერ მედიაში - ასე უპასუხა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ტაბულას დირექტორის შეკითხვას ბიუჯეტის ფულის პრორუსულ მედიაში ხარჯვის შესახებ. თამარ ჩერგოლეიშვილის ამ კითხვამდე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტრო 23 საათიან რეკლამას ყიდულობდა და ეს თანხა რუსთავი 2-ში მიდიოდა. ტაბულას დირექტორმა დეპუტატს ჰკითხა:

"თქვენ ამბობთ, რომ თქვენ, როგორც მოქალაქეს, დისკომფორტი გექმნებოდათ, როდესაც ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა ტელეკომპანია საქართველოზე, რომელიც საბოლოო ჯამში რუსთავი 2-ს შეერწყა. მაინტერესებს, თქვენ, როგორც პარლამენტის წევრი და მმართველი გუნდის წარმომადგენელი, რას გრძნობთ მაშინ, როდესაც ბიუჯეტის ფული იხარჯება პრორუსულ, ზიზღის გამავრცელებელ, ქსენოფობიურ მედიაზე, როდესაც ბიუჯეტის ფული იხარჯება ობიექტივზე, ასავალ-დასავალზე. ამ შემთხვევაში რას გრძნობთ ამჯერად უკვე პარლამენტის წევრი?".

კითხვის საპასუხოდ სესიაშვილმა განაცხადა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართავს როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მეუღლეს - "ქალბატონო თამარ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მეუღლეს გეუბნებით, როგორც მოქალაქეს გეუბნებით...". სესიაშვილის ამ ფრაზის შემდეგ ჩერგოლეიშვილმა იკითხა რატომ მიმართავდა მას დეპუტატი, როგორც გიგა ბოკერიას ცოლს - "რატომ მელაპარაკებით როგორც მეუღლეს, მე თქვენ გელაპარაკებით როგორც თქვენი ცოლის მეუღლეს?", რაზეც დეპუტატმა პასუხა:

"როგორც ჟურნალიტს, ისე გებნებით, როგორც მოქალაქეს, რომელმაც კითხვა დამისვა, გპასუხობთ, რომ ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება და იმის უფლება, რომ რეკლამა განათავსოს ნებისმიერ მედიაში. იცით რა არის, ჩვენ თუ ისე მივუდგებით, ვინ რა ორიენტაციის არის და მის მიმართ დავიწყებთ ურთიერთობას, ეს იქნება სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი არის განუხრელი, ამას ჩვენ ვამტკიცებთ საქმით".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები